გრიპი
რა არის გრიპი?
გრიპი, ვირუსით გამოწვეული ზემო სასუნთქი გზების ინფექციაა.
გრიპის ვირუსით ინფიცირება ზრდის სხვა ინფექციების განვითარების რისკს, მაგალითად, ვირუსული ან ბაქტერიული პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც აზიანებს ფილტვებს და მისი გართულება შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდეს. ამგვარი გართულების მაღალი რისკის ქვეშ არიან:
- ასაკოვანი ადამიანები (65 წელი და ზემოთ)
- მცირეწლოვანი ბავშვები
- ფილტვების ან გულის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები
- სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, რომელთა იმუნური სისტემა დასუსტებულია
- ჯანმრთელი ორსული ქალები, განსაკუთრებით ორსულობის მეორე ნახევრიდან
ხშირად გრიპს უწოდებენ ნებისმიერ რესპირატორულ ვირუსულ ინფექციას, მაგალითად, ე.წ. „გაციებას“ ან „ენტეროვირუსს“. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ესენი სხვადასხვა დაავადებებია და გრიპისგან განსხვავდება როგორც მიმდინარეობით, ასევე გართულებების გაცილებით მსუბუქი ფორმით. ასევე აღსანიშნავია, რომ მათზე არ არის ეფექტური არც გრიპის ვაქცინა, არც გრიპის ანტივირუსული თერაპია (მაგ. ტამიფლუ).
საქართველოში გრიპის და მისი გავრცელების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე - გრიპის ეპიდსიტუაცია საქართველოში
როგორ დავიცვათ თავი ინფიცირებისგან?
გრიპისა და მისი გავრცელების პრევენცია შესაძლებელია:
- რეგულარულად დაიბანეთ ხელები
- სასწრაფოდ გადაყარეთ ნაგვის კონტეინერი, სადაც ათავსებთ გამოყენებულ ხელსახოცებს და/ან ცხვირსახოცებს
- თუ თან არ გაქვთ ერთჯერადი ცხვირსახოცი, დააცემინეთ ან ჩაახველეთ მაისურის სახელოზე და არა ხელებზე
- დარჩით სახლში თუ გრძნობთ, რომ ხდებით ავად
- რეგულარულად გაწმინდეთ ისეთი ადგილების და ნივთების ზედაპირები, რომლებსაც ეხება ბევრი ადამიანი
- ჩაიტარეთ გრიპის ყოველწლიური ვაქცინაცია
როგორ ვრცელდება გრიპი?
გრიპის გავრცელება იოლად ხდება ჰაერწვეთოვანი გზით - დაცემინების, დახველების ან უშუალო კონტაქტის დროს. ასევე, ხშირი გავრცელების გზაა, როდესაც ხელით ვეხებით ზედაპირს, სადაც ინფიცირებული ადამიანის ხველის ან დაცემინების შედეგად გამოყოფილი უმცირესი ნაწილაკებია, შემდგომ ამ ხელით ვეხებით ჩვენსავე თვალს, პირს ან ცხვირს.
ინფიცირებული ადამიანი შესაძლოა გადამდები იყოს დაავადების გამოვლენამდეც კი. მოზრდილები გადამდები არიან დაავადების გამოვლენიდან 1 დღით ადრე და გამოვლენიდან 5 დღის განმავლობაში. ბავშვები გადამდები არიან უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში - 10 დღემდე.
რა არის გრიპის სიმპტომები?
- ტემპერატურის მატება
- თავის ტკივილი
- კუნთების ტკივილი
- ძალიან ძლიერი სისუსტე
- ცხვირის ღრუს დახშობა
- ყელის ტკივილი
- ხველა
ცხელება და სხვა სიმპტომები ჩვეულებრივ გრძელდება 7 - 10 დღე. ხველა და სისუსტე შესაძლებელია გახანგრძლივდეს 1 - 2 კვირა და მეტი.
როგორ უნდა მოვუაროთ თავს სახლის პირობებში?
სიმპტომების გამოვლენისთანავე:
- დარჩით სახლში მოსვენებულ მდგომარეობაში (ნახევრად წოლით რეჟიმში)
- მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე (ცხელების გამო სითხის დანაკარგის შევსების მიზნით)
- არ მოწიოთ და სხვებსაც თხოვეთ, რომ არ მოწიონ სახლში
- ისუნთქეთ ტენიანი ჰაერი, დახშული ცხვირის ღრუს გასაწმენდად. ამისათვის ცხელი წყალი ჩაასხით რეზერვუარში და ისუნთქეთ ორთქლი.
- ექიმის დანიშნულებით შესაძლებელია მიიღოთ რეცეპტული ანტივირუსული თერაპია (მაგ. ტამიფლუ), თუმცა მისი დაწყება უნდა მოხდეს სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 48 საათის განმავლობაში.
- შესაძლებელია მიიღოთ არარეცეპტული „გაციების და ხველის“ საწინააღმდეგო მედიკამენტები - აცეტამინოფენი (მაგ. ტაილენოლი) ან იბუპროფენი (მაგ. ნუროფენი). გახსოვდეთ, რომ მათი მიღება 6 წლამდე ბავშვებში უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ პედიატრთან კონსულტაციის შემდგომ.
- დაუშვებელია ასპირინის მიღება 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის რეის სინდრომის განვითარების რისკის გამო, რაც ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესების მიზეზი შეიძლება გახდეს (კრუნჩხვები, ძილიანობა, ლეთარგია, ძლიერი ღებინება, დიარეა, ცნობიერების და ქცევის შეცვლა, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები).
როდის უნდა მივმართოთ დაუყოვნებლივ სამედიცინო დაწესებულებას?
- თუ დაგეწყოთ გრიპის სიმპტომები და ხართ გართულებების მაღალი რისკის ჯგუფში
- თუ თქვენი მდგომარეობა უარესდება, კერძოდ: დაგეწყოთ ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, ტკივილი გულმკერდში, გაქვთ გაუწყლოვანების ნიშნები - შემცირებული შარდვა ან/და თავბრუსხვევა.
რით განსხვავდება გრიპი გაციებისგან?
უნდა გვახსოვდეს, რომ „გაციება“ და გრიპი სხვადასხვა დაავადებებია. გრიპისგან განსხვავებით, „გაციების“ მიმდინარეობა და გართულებები გაცილებით მსუბუქია.
როგორ გავარჩიოთ გრიპი გაციებისგან?
რა არის გრიპის ვაქცინაცია და რატომ უნდა ჩავიტაროთ?
გრიპის ყოველწლიური ვაქცინაცია არის გრიპის პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი. ვაქცინაციის დროს ადამიანის ორგანიზმში შეჰყავთ გრიპის არააქტიური (მკვდარი) ვირუსი, რაც ბუნებრივია ვერ იწვევს დაავადებას, მაგრამ განაპირობებს ორგანიზმის მიერ გრიპის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნას.
რა არგუმენტებს ეყრდნობიან ვაქცინაციის ჩატარების მოწინააღმდეგეები?
ვაქცინაციის ჩატარების მოწინააღმდეგეები არ ეყრდნობიან ფაქტებს, არამედ ეყრდნობიან მითებს, კერძოდ:
- მითი: გრიპი არ არის სერიოზული დაავადება
- ფაქტი: განვითარებულ ქვეყნებშიც კი გრიპის ყოველწლიური სეზონური გავრცელებისას იღუპება რამდენიმე ასეული ადამიანი. ფატალური გამოსავალი განსაკუთრებით აღინიშნება მაღალი რისკის პაციენტებში (65 წლის ზემოთ, პატარა ბავშვებში და ა.შ.)
- მითი: ვაქცინას შეიძლება მოყვეს გართულებები ან გვერდითი ეფექტები
- ფაქტი: გრიპის აცრა უსაფრთხოა. შედარებით ხშირად აღინიშნება ინექციის ადგილის სიწითლე და ტკივილი. იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს მცირე თავის ან/და კუნთების ტკივილი და საერთო სისუსტე.
- მითი: ყოველწლიური ვაქცინაცია აქვეითებს იმუნურ სისტემას. წინა წლებში გაკეთებული აცრაც საკმარისია.
- ფაქტი: ვირუსის შტამები განსხვავდებიან ყოველ სეზონზე. ამიტომაც აუცილებელია ყოველწლიური ვაქცინაცია შესაბამის მოსალოდნელ შტამებთან მიმართებაში.
- მითი: მე ალერგიული ვარ და აცრის გაკეთება არ შეიძლება.
- ფაქტი: ალერგიული პაციენტების უმრავლესობა გრიპის ვაქცინას კარგად იტანს. ასევე, დადგენილია, რომ კვერცხზე ალერგიის მქონე ადამიანებს შეუძლიათ აიცრან უსაფრთხოდ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია აცრამდე ალერგიული სინჯის ჩატარებაც.
- მითი: აცრა არ არის ეფექტური. შარშან ავიცერი, მაგრამ მაინც ავად ვიყავი.
- ფაქტი: გრიპის ვაქცინაცია არ ახდენს სხვა რესპირატორული ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციების პრევენციას, მაგალითად „გაციების“ ან „ენტეროვირუსის“, რადგან ისინი არ არიან გამოწვეული გრიპის ვირუსით. ე.წ. „გაციება“ ან „ენტეროვირუსი“ შედარებით მსუბუქად მიმდინარე დაავადებებია და მათ თითქმის არ ახასიათებთ ფატალური გართულებები. გრიპის აცრა მხოლოდ და მხოლოდ ახდენს მძიმედ მიმდინარე კონკრეტული რესპირატორული ინფექციის - გრიპის, პრევენციას, ხოლო დაავადების მაინც განვითარების შემთხვევაში - განაპირობებს მის მსუბუქ მიმდინარეობას.
- მითი: ორსულობის დროს აცრა არ შეიძლება
- ფაქტი: დადგენილია, რომ გრიპის ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა ორსულებში. პირიქით, ორსულობის მეორე ნახევარი მაღალი რისკის მდგომარეობას განეკუთვნება და აცრა მკაცრად რეკომენდებულია.
- მითი: აცრა არ შეიძლება ძუძუთი კვების დროს
- ფაქტი: დადგენილია, რომ მეძუძური დედების ვაქცინაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა როგორც დედებისთვის, ასევე ძუძუთი კვებაზე მყოფი ახალშობილებისთვის.
რა განსხვავებაა ვაქცინასა და ანტივირუსულ მედიკამენტებს შორის?
ვაქცინაცია ტარდება იმისათვის, რომ მოხდეს გრიპის განვითარების პროფილაქტიკა, თუკი მოხდება გამომწვევ ვირუსთან კონტაქტი. ვაქცინაცია განაპირობებს ორგანიზმის იმუნური სისტემის „მომზადებას“ კონკრეტული ტიპის ვირუსთან მიმართებაში.
ვაქცინისგან განსხვავებით, ანტივირუსული პრეპარატები წარმოადგენენ უკვე დაავადებული ადამიანის სამკურნალო საშუალებებს. ისინი ახდენენ ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსის განადგურებას. შესაბამისად, ანტივირუსული პრეპარატები ვერ ანაცვლებენ ვაქცინაციას.
რა არის ტამიფლუ?
ტამიფლუ (ოსელტამივირი) არის პერორალურად მისაღები ანტივირუსული მედიკამენტი. ავლენს აქტივობას გრიპის კლინიკურად მნიშვნელოვანი ყველა ვირუსის მიმართ. მის მოქმედების მექანიზმს წარმოადგენს გრიპის ვირუსის ზედაპირზე ნეირამინიდაზას მოქმედების დათრგუნვა, რაც ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას სხვა უჯრედებში.
ტამიფლუ ბაზარზე პირველად 19 წლის წინ იქნა დაშვებული და მას შემდეგ ტამიფლუთი ნამკურნალებია 90 მილიონზე მეტი პაციენტი, მათ შორის 30 მილიონი ბავშვი, მსოფლიოს დაახლოებით 80 ქვეყანაში, მათ შორის აშშ, იაპონია, კანადა, ავსტრალია, ევროკავშირი, შვეიცარია და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები.
როდის ინიშნება ტამიფლუ?
ტამიფლუ ნაჩვენებია A და B ტიპის ვირუსებით გამოწვეული გრიპის სამკურნალოდ ორი კვირის ასაკიდან ზემოთ და ზოგიერთ შემთხვევაში გრიპის პრევენციისათვის 1 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში. ტამიფლუ ერთადერთი ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც რეკომენდებულია ახალშობილებში 2 კვირის ასაკიდან.
ინიშნება თუ არა ტამიფლუ ორსულებში?
ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციებით გრიპით დაავადებულმა ორსულმა ქალებმა უნდა ჩაიტარონ მკურნალობა ანტივირუსული პრეპარატით ტამიფლუთი, ვინაიდან გრიპის გამოსავალი ორსული პაციენტისთვის შესაძლოა იყოს გაცილებით მძიმე და სავალალო. ორსულებში ტამიფლუ ინიშნება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: http://www.flu.gov/individualfamily/parents/pregnant5tips.html
როგორ ხდება ტამიფლუს მიღება?
ტამიფლუ გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, პერორულად კაფსულის სახით (75 მგ). ტამიფლუს სამკურნალო დოზა მოზრდილებში შეადგენს 75 მგ დღეში ორჯერ 5 დღის განმავლობაში. ვირუსთან კონტაქტის შემთხვევაში პროფილაქტიკური დოზა შეადგენს 1 კაფსულას ერთხელ დღეში, რომლის მიღებაც შეიძლება 6 კვირამდე დროის განმავლობაში. ტამიფლუს ერთი შეფუთვა შეიცავს მკურნალობის სრული კურსისთვის საჭირო 10 კაფსულას. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად აუცილებელია მკურნალობის დაწყება სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათის ფარგლებში.
ბავშვებში დოზირების სქემა განსხვავებულია და ინიშნება კილოგრამ წონაზე გადაანგარიშებით (სწორი დოზირებისთვის აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პედიატრთან).
როგორია ტამიფლუს ეფექტურობა?
ტამიფლუს გამოყენებას დოზირების დამტკიცებული რეჟიმის მიხედვით თან ახლავს სიმპტომების სიმძიმის შემცირება 38%-ით, მეორადი გართულებების (ბრონქიტი, პნევმონია და სინუსიტი) შემცირება სხვამრხივ ჯანმრთელ პირებში 67%-ით, გრიპით ავადმყოფობის ხანგრძლივობის შემცირება 37%-ით.
მრავალრიცხოვანი დაკვირვებების საფუძველზე გამოვლინდა, რომ დროულად დაწყებული ტამიფლუთი მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას და სიმძიმეს, გართულებების რისკს, სიკვდილობას, ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას. იგი ეფექტურია როგორც მსუბუქი დაავადების, ისე - მძიმე დაავადების დროს, ამბულატორიულ და ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, იმუნოკომპრომეტირებულებსა და ორსულებში. იგი ასევე ამცირებს ვირუსის გამოყოფას და ვირუსის გავრცელების პოტენციალს.
რა გვერდითი მოვლენები აქვს ტამიფლუს?
ნებისმიერ მედიკამენტის მიღებას შეიძლება თან ახლდეს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
ტამიფლუს მიღებისას ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია გულისრევა და პირღებინება. აღნიშნულ შემთხვევათა დიდი ნაწილი გამოვლინდა ერთჯერადად ან მკურნალობის პირველ-მეორე დღეს და თავისთავად ალაგდა 1-2 დღეში. აღნიშნული გვერდითი მოვლენა შეიძლება შემცირდეს ტამიფლუს მიღებისას საკვებთან ერთად. პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია ასევე განვითარდეს მუცლის ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა, თავის ტკივილი და საერთო სისუსტე.
ტამიფლუს შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს წამლის სააგენტოს ვებ-გვერდზე: წამლების ძიება
ტამიფლუს შესახებ სრული ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ ევროპის და აშშ-ის წამლის მარეგულირებელი სააგენტოების გვერდებზე:
https://www.ema.europa.eu/en/medicines/human/EPAR/tamiflu