ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ბლეფაროსპაზმი

რა არის ბლეფაროსპაზმი?

ბლეფაროსპაზმი ნევროლოგიური დაავადება და წარმოადგენს თვალის ირგვლივ კუნთების სპაზმს, რომელიც ვლინდება თვალის ქუთუთოების ხშირი, გაუკონტროლებელი მოძრაობით. ამ დროს პაციენტი ვერ აკონტროლებს თვალის დახუჭვასა და გახელაზე პასუხისმგებელ კუნთებს და აწუხებს ხშირი, უნებური ხამხამი.

დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გარეშე ბლეფაროსპაზმს ახასიათებს მდგომარეობის გართულება. ხამხამი დროთა განმავლობაში ხდება უფრო ხშირი და ზოგიერთ შემთხვევაში, იწვევს თვალის უნებლიე დახუჭვას საათების განმავლობაში, რასაც ფუნქციურ სიბრმავეს უწოდებენ.


ბლეფაროსპაზმი 2.5 მილიონამდე ადამიანს აწუხებს მსოფლიოში, უფრო მეტად ემართებათ ქალებს და დამახასიათებელია მოწიფული ასაკისათვის. ის შეიძლება ძალიან შემაწუხებელი გახდეს პაციენტისათვის და გამოიწვიოს შფოთვა და დეპრესია, გავლენა მოახდინოს მანქანის მართვის უნარსა და სამუშაოს შესრულების ხარისხზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მისი დროული დიაგნოსტირება და სწორი, სიმპტომური მკურნალობა.

 

რა არის ბლეფაროსპაზმის გამომწვევი მიზეზები?

ექიმები განასხვავებენ პირველად და მეორად ბლეფაროსპაზმს.

პირველადია ბლეფაროსპაზმი, რომელიც თავისით ვითარდება, სხვა დაავადებებისგან დამოუკიდებლად. მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის.

რაც შეეხება მეორად ბლეფაროსპაზმს, ის გამოწვეულია სხვა დაავადების შედეგად, როგორიცაა:

  • კონუქტივიტი;
  • ბლეფარიტი;
  • უვეიტი;
  • მეშვიდე ნერვის დისფუნქცია;
  • რეფრაქციის ანომალია;
  • პარკინსონის დაავადება;
  • ნევრასთენია.

ბლეფაროსპაზმი ასევე, შესაძლოა განვითარდეს მაღალი ინტენსივობის სინათლის ექსპოზიციისა და სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების მიღების შედეგად.

 

რა სიმპტომები ახასიათებს ბლეფაროსპაზმს?

ბლეფაროსპაზმი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით:

  • თვალის კუნთების უნებლიე მოძრაობა;
  • ქუთუთოების ჩვეულებრივზე ხშირი ხამხამი;
  • დახუჭული თვალის გახელის უნარის შეზღუდვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში;
  • თვალის სიმშრალე;
  • სენსიტიურობა სინათლის მიმართ;
  • თვალების წვა;
  • თვალების ტკივილი;
  • თვალების აცრემლება.

ჩვეულებრივ, სიმპტომები ვლინდება ორივე თვალზე, როდესაც პაციენტს ღვიძავს და ქრება ძილის დროს.

 

რა არის ბლეფაროსპაზმის განვითარების რისკ-ფაქტორები?

ბლეფაროსპაზმის განვითარების მეცნიერულად დადასტურებული რისკ-ფაქტორებია:

  • ასაკი - ბლეფაროსპაზმი ვითარდება უფრო მეტად 50-დან 70-წლამდე პაციენტებში.
  • სქესი - თვალის ქუთუთოს კუნთების უნებლიე, გაუკონტროლებელი ხამხამი უფრო მეტად ხშირია მდედრობითი სქესის პაციენტებში.
  • გენეტიკური ფაქტორები - კვლევებით დადასტურდა, რომ პაციენტების 20-30%, რომლებსაც ბლეფაროსპაზმის დიაგნოზი დაუდგინდათ, ჰყავდათ ოჯახის წევრები ამ დაავადების ისტორიით. შესაბამისად, ის შეიძლება გენეტიკურად მემკვიდრეობით დაავადებად მივიჩნიოთ.
  • სტრესი და დაღლილობა - სტრესმა და დაღლილობამ შეიძლება გამოიწვიოს და გაახშიროს დაავადების ეპიზოდები.

როგორ ხდება ბლეფაროსპაზმის დიაგნოსტირება?

ბლეფაროსპაზმის დიაგნოსტირება ხდება როგორც ფიზიკური, ასევე ნევროლოგიური შემოწმების საფუძველზე. დიაგნოსტირების პროცესში შესაძლოა ჩართული იყოს, როგორც ოფთალმოლოგი, ასევე ნევროლოგი. დიაგნოზის დასმამდე ექიმი იღებს ინფორმაციას ჩივილების შესახებ პაციენტისაგან, ახდენს თვალის ფიზიკურ დათვალიერებას, ზომავს ხამხამის სიხშირეს და ამოწმებს კონტროლის უნარს.

სხვა დაავადებების გამორიცხვის მიზნით, დიაგნოსტიკისას ექიმმა შესაძლოა დანიშნოს მაგნიტურ რეზონანსული კვლევა ან ელექტრომიოგრაფია.

 

როგორ ხდება ბლეფაროსპაზმის მკურნალობა?

ბლეფაროსპაზმისაგან სრული განკურნება შეუძლებელია, თუმცა ექიმებს შეუძლიათ მართონ სიმპტომები სხვადასხვა სამკურნალო მეთოდებით, როგორიცაა:

 

ბოტულინის ტოქსინის ინექცია (ბოტოქსი) - ამ დროს ექიმს მცირე რაოდენობის ბოტულინის მჟავა შეჰყავს ქუთუთოს ირგვლივ კუნთში. ინექცია ამცირებს ან სრულიად ხსნის სპაზმს რამდენიმე თვის განმავლობაში.

 

სათვალე - სინათლე, ზოგჯერ აუარესებს ბლეფაროსპაზმს, ამ შემთხვევაში ექიმი ნიშნავს სინათლისგან დამცავ სათვალეს, რომელიც პაციენტმა უნდა ატაროს მთელი დღის განმავლობაში, ღია და დახურულ სივრცეში.

 

მედიკამენტების ცვლილება - თუ ბლეფაროსპაზმი გამოწვეულია რომელიმე მედიკამენტის მიღების შედეგად, შესაძლოა ექიმმა ჩაანაცვლოს ის სხვა მედიკამენტით.

 

ოპერაცია - ბლეფაროსპაზმის სამკურნალოდ, როდესაც მკურნალობის სხვა მეთოდები უშედეგოა, ინიშნება თვალის ირგვლივ კუნთების ოპერაცია.