ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის სტაციონარი
ნიუ ჰოსპიტალსის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის სტაციონარულ განყოფილებაში ხელმისაწვდომია ევროპული სტანდარტების დონის სამედიცინო მომსახურების მიღება პედიატრიული პაციენტებისთვის (29 დღიდან 18 წლის ასაკამდე). სტაციონარულ განყოფილებაში პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და გაწერა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს.
სამედიცინო მომსახურება
სტაციონარულ განყოფილებაში პაციენტის მოთავსება შესაძლებელია სხვადასხვა თერაპიული და ქირურგიული დაავადებების დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის მიზნით. პაციენტთა მკურნალობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ნევროლოგის, გასტროენტეროლოგის, ინფექციონისტის, ალერგოლოგის, ნეფროლოგის, ზოგადი ქირურგის, ტრავმატოლოგის, ნეიროქირურგის, ოტორინოლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ყბა-სახის ქირურგის, ენდოსკოპისტის და გინეკოლოგის ჩართულობა, სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება და მჭიდრო კონტაქტი პაციენტის პირად მკურნალ ექიმთან. ცენტრში ასევე შესაძლებელია ბავშვთა ნევროლოგიური დაავადებების ამბულატორიული და სტაციონარული დიაგნოსტიკა და მართვა. ვიდეო ელექტროენცეფალოგრაფია: რუტინული, ხანგრძლივი, დღე-ღამის ვიდეო ეეგ მონიტორინგი (სერვისი ხელმისაწვდომია 24/7). ცენტრი ასევე ემსახურება ქირურგიული პათოლოგიის მქონე პაციენტებს. პაციენტი ჰოსპიტალიზაციისთანავე გაეცნობა განყოფილების შინაგანაწესს და დღის განრიგს ექიმის ვიზიტების, კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების ჩატარებისა და გაწერის დაგეგმვის შესახებ.
განყოფილებაში მაქსიმალური და განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება პაციენტისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას, როგორიცაა მაგ. მშობლების დასწრება მანიპულაციებზე, უმტკივნეულო პროცედურები (ვენის კათეტერიზაცია, ლუმბალური პუნქცია, პოსტოპერაციული მართვა) მსოფლიოს წამყვან კლინიკებში შემუშავებული სედაციისა და ანალგეზიის პროტოკოლებით.
სტაციონარული განყოფილების და პალატების მოწყობილობა
ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის მრავალპროფილურ სტაციონარში პალატების უმრავლესობა ერთადგილიანია, რაც იძლევა განსხვავებული ნოზოლოგიების/დაავადებების მქონე პაციენტების იზოლირებულად მოთავსების საშუალებას. განყოფილებაში არის რამდენიმე ორადგილიანი, სამადგილიანი და ინტენსიური თერაპიის პალატა სამედიცინო საჭიროებისთვის.
პალატები აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით:
- ინდივიდუალური მონიტორებით
- ინფუზომატებით
- პამპებით
- ელექტრო ასპირატორით
- ცენტრალური ჟანგბადის წყაროთი
თითოეულ პალატას გააჩნია საკუთარი სველი წერტილი და საშხაპე, ვენტილაციის ცენტრალური სისტემა და დამატებითი გასაშლელი სავარძელი-საწოლი მშობლებისთვის, მოსასვენებლად. პალატებსა და საპირფარეშოებში დამატებით ფუნქციონირებს სამედიცინო პერსონალის ღილაკით გამოძახების შესაძლებლობა. მშობლებისთვის დამატებით გამოყოფილია სასადილო ოთახი და ამავე დროს შესაძლებელია პაციენტების კვების უზრუნველყოფა. პალატებში არის უარყოფითი წნევის შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვანია პაციენტებს შორის ინფექციის გავრცელების უსაფრთხოებისთვის. აღნიშნული სისტემა სიახლეა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ექსკლუზიურ უპირატესობას წარმოადგენს.
ნახვის საათები
პაციენტთან პალატებში დაშვებულია მხოლოდ ერთი თავმდგომის დარჩენა. სხვა პირებს შეუძლიათ პაციენტის მონახულება დღის განსაზღვრულ საათებში, კერძოდ 19:00-დან 21:00 საათამდე. ნახვის საათებში მიზანშეწონილია პალატაში ერთდროულად მაქსიმუმ 2 პირის სტუმრობა. პაციენტის მოსანახულებლად ბავშვების ვიზიტი განყოფილებაში არ არის ნებადართული!
სამედიცინო გუნდი
სტაციონარის განყოფილებას ხელმძღვანელობს პედიატრი ნინო ჭითანავა, რომელიც მკურნალ ექიმებთან ერთად ყოველდღიურად დაესწრება შემოვლებს პაციენტებთან. განყოფილება დაკომპლექტებულია უწყვეტი სამედიცინო სტაჟის მქონე პროფესიონალი პედიატრებით, რომლებიც მეთვალყურეობას და მკურნალობას უწევენ ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებს. სამედიცინო გუნდის განუყოფელ ნაწილს წარმოდგენენ ასევე უმცროსი ექიმები და ექთნები, რომლებიც მჭიდრო კონტაქტში არიან პაციენტებთან და მოქმედებენ ექიმების ზედამხედველობის ქვეშ.
საჭიროების მიხედვით ხდება მაღალკვალიფიციური პროფესორ-სპეციალისტების და ცენტრის ხელმძღვანელის ჩართულობა განსაკუთრებული სამედიცინო შემთხვევების განხილვაში, კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების დაგეგმვასა და მკურნალობის ტაქტიკის გადაწყვეტაში. ცენტრის სამედიცინო პერსონალთან ერთად მსჯელობასა და კონსილიუმებში მონაწილეობის მიიღება შეუძლიათ ასევე უცხოელ და ქართველ კოლეგებს გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ამერიკიდან. ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრთან თანამშრომლობის და მეგობრული ურთიერთობის ფარგლებში შესაძლებელია კოლეგებს შორის ონლაინ კონსულტაციების გავლა და მოცემული სიტუაციისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება. კლინიკიდან გაწერის შემდეგაც ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გუნდი პაციენტისთვის ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს სატელეფონო თუ ამბულატორიული კომუნიკაციისთვის.