ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

30 ნოემბერი 2018

„ნიუ ჰოსპიტალსში“ „მეიოს კლინიკის“ წარმომადგენლებმა სემინარი გამართეს

27-30 ნოემბერს, „ნიუ ჰოსპიტალსში“ „მეიოს კლინიკის” წარმომადგენლებმა ბავშვთა კრიტიკული და გადაუდებელი დახმარების თემებზე სემინარი გამართეს. სემინარს უძღვებოდნენ „მეიოს კლინიკის” ტოპ-სპიკერები და რეანიმატოლოგები, ზოგადი და ტრავმა ქირურგი - ბეთსი ბელინჯერი, კარდიოანესთეზიოლოგი - მეთიუს რიტერი, ანესთეზიოლოგი - ბრენდონ ვანთა და ქირურგი - მარიელა რივერა.

სემინარი „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა კრიტიკული მედიცინის განყოფილების ექიმებისა და ანესთეზიოლოგების ჩატარდა და მასზე წარმოდგენილი იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ანესთეზია და პოსტოპერაციული მკურნალობა ჰეპატო-ბილიარული და თორაკალური ოპერაციების დროს, ჰიპოვოლემიის შეფასების რადიოლოგიური და სხვა თანამედროვე მეთოდები და ძვლისშიდა ინფუზიები ბავშვებში; სემინარი ასევე მოიცავდა PFCCS & FCCS კურსების განახლებულ ვერსიას. 

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გაფართოებასთან დაკავშირებით, „ნიუ ჰოსპიტალსს“ ამერიკის საუკეთესო ჰოსპიტალის - „მეიოს კლინიკის“ დელეგაცია ეწვია. ვიზიტის მიზანია მსოფლიოს წამყვანი კლინიკის ექიმებმა მონაწილეობა მიიღონ „ნიუ ჰოსპიტალსის“ მულტიდისციპლინური პედიატრიული სამსახურის ჩამოყალიბებაში და სამედიცინო პერსონალს გაუზიარონ მნიშვნელოვანი გამოცდილება.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი ახალი, გაზრდილი ფორმატით, პაციენტებს 2019 წლის იანვრიდან მიიღებს და მასში ფუნქციონირებას დაიწყებს ბავშვთა კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის ცენტრი. ასევე, ამოქმედდება ბავშვთა ორთოპედიული, კარდიოლოგიური, ნეიროქირურგიული, ჰემატოლოგიური და ლაპარასკოპიული ქირურგიის მიმართულებები; გაიხსნება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი და ახალშობილთა ქირურგიის განყოფილება. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გუნდი დარგის საუკეთესო სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული და პაციენტებს 24 საათის მანძილზე გაუწევს ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო პედიატრიულ მომსახურებას.