ხშირად დასმული კითხვები
ეფექტური იქნება თუ არა ჩემთვის ფემტო-ექსიმერული ლაზერით მხედველობის კორექცია?
ფემტო-ლაზერით ჩატარებული რეფრაქციული პროცედურა უსაფრთხოა და პაციენტების 99% უუმჯობესდება მხედველობა, ხოლო 96% - სრულად აღუდგება მხედველობა. რეფრაქციული ქირურგიის შედეგად სიბრმავის განვითარების რისკი თითქმის არ არსებობს და პაციენტების 1%-ზე ნაკლებს აწუხებს ოპერაციის შედეგად განვითარებული რაიმე სახის გართულებები. რეფრაქციული ქირურგიის ეფექტურობის დასადგენად, უნდა მოხდეს თვალის სრული გამოკვლევა და ექიმმა უნდა შეაფასოს პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, რქოვანა გარსის სისქე, სხვ.
რა სარეგებლობას მომიტანს მხედველობის ლაზერული კორექცია?
მხედველობის კორექცია უდიდესი სარგებლის მომტანია პაციენტისთვის - უკეთესობისკენ ცვლის მის ცხოვრებას. პაციენტი ემშვიდობება სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს, რაც აუმჯობესებს მისი ცხოვრების ხარისხს.
რა სახის მხედველობის დეფექტების გამოსწორება არის შესაძლებელი ფემტო-ლაზერით?
მხედველობის დეფექტების უმრავლესობა, რაც სწორდება სათვალით ან კონტაქტური ლინზით, ექვემდებარება ლაზერულ მკურნალობას.
შესაძლებელია თუ არა ასაკთან დაკავშირებული მხედველობის დაქვეითების მკურნალობა ლაზერული ქირურგიით?
ასაკთან დაკავშირებული მხედველობის დაქვეითება - პრესბიოპია, გულისხმობს შორსმხედველობას, ბროლის ელასტიურობის დაქვეითების გამო. ამ შემთხვევაში ბროლის ელასტიურობის აღდგენა ლაზერული ქირურგიით შეუძლებელია. თუმცა, პრესბიოპიის დაძლევა შესაძლებელია სხვა ინოვაციური მკურნალობის მეთოდებით.
რამდენად კომფორტულია მხედველობის ლაზერული კორექციის პროცედურა?
მხედველობის ლაზერული კორექციის პროცედურა ხანმოკლე და უმტკივნეულოა. პროცედურა რამდენიმე წამს გრძელდება და პაციენტი ვერ გრძნობს ტკივილს, რამდენადაც პროცედურის წინ თვალის გაუტკივარება ხდება სპეციალური წვეთებით (ტოპიკური ანესთეზიით).
პაციენტმა პროცედურის მიმდინარეობის დროს შესაძლოა იგრძნოს წნევა, მაგრამ არა ტკივილი. ასევე, პაციენტი პროცედურის წინ იღებს დამამშვიდებელ საშუალებას, რაც ამარტივებს ლაზერული კორექციის პროცესს.
რამდენ ხანში არის შესაძლებელი მხედველობის ლაზერული კორექციის პროცედურის მეორე თვალზე ჩატარება?
უმეტეს შემთხვევებში, პროცედურა ორივე თვალზე ერთდროულად ტარდება. ასევე შესაძლებელია მეორე თვალის მკურნალობა, პირველი პროცედურიდან ერთ კვირაში.
რა სახის პოსტოპერაციული მეთვალყურეობაა აუცილებელი?
პროცედურის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი ერთ თვეს გრძელდება, რომლის დროსაც პაციენტები მოიხმარენ თვალის წვეთებს. პაციენტები გაივლიან ექიმის კონსულტაციას პროცედურის მეორე დღეს და განმეორებით - პროცედურიდან რამდენიმე კვირაში. პაციენტების უმრავლესობა რამდენიმე დღეში სრულად რეაბილიტირდება.
აუცილებელია თუ არა პროცედურის შემდეგ ჰოსპიტალში ღამით დარჩენა?
ფემტო-ლაზერული ქირურგია მიეკუთვნება ამბულატორიულ პროცედურას, შესაბამისად საავადმყოფოში ღამის გატარება საჭირო არ არის. მხედველობის კორექციის პროცედურა ფემტო-ექსიმერული ლაზერით გრძელდება მხოლოდ რამოდენიმე წუთს და პაციენტი იმავე დღეს, უსათვალოდ ბრუნდება სახლში.
პროცედურიდან რამდენ ხანშია შესაძლებელი ავტომანქანის მართვა?
მკაფიო მხედველობა აღდგება პროცედურიდან ორ-სამ დღეში, თუმცა ექიმი ინდივიდუალურად გასცემს ზუსტ რეკომენდაციას ავტომობილის მართვის შესახებ.
რამდენ ხანში აღდგება მხედველობა სრულად?
მხედველობა სრულად აღდგება ლაზერული პროცედურიდან ორ-სამ კვირაში.
ლაზერული ქირურგიით მხედველობის კორექციის რამდენ წლიანი გამოცდილება არსებობს?
პირველი ფოტორეფრაქციული კერატექტომია (PRK) 1987 წელს ჩატარდა, ხოლო პირველი LASIK ოპერაცია - 1990 წელს. მას შემდეგ ლაზერული ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად განვითარდა და 1997 წელს კომპანია კარლ ცაის მედიტეკმა (Carl Zeiss Meditec) გაუსის ლაზერული სკანირება და პირველი ინტეგრირებული ტოპოგრაფიულად მართვადი მკურნალობის მეთოდი წარმოადგინა.
დამატებითი კითხვებისთვის და ამომწურავი ინფორმაციისთვის ფემტო-ექსიმერული ლაზერით მხედველობის კორექციის შესახებ, მიმართეთ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს.