ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ვერტიგო

რა არის ვერტიგო?


ვერტიგო არის მდგომარეობა, რომელიც იწვევს ბრუნვის ილუზორულ შეგრძნებას. ამ მდგომარეობას ხშირად თან ახლავს ბალანსის დარღვევა, გულისრევა და ღებინება. ვერტიგო უმეტესწილად წარმოადგენს ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობების სიმპტომს, თუმცა თავის მხრივ, მასაც ახასიათებს თანმდევი სიმპტომატიკა.

თავბრუსხვევის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, ვერტიგოს დროს პაციენტი გრძნობს, რომ თვითონ ან მის გარშემო არსებული გარემო ბრუნავს. ვერტიგო ხშირად მძიმდება მკვეთრი მოძრაობების ფონზე. კრიზის ხანგრძლივობა გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე დღემდე. ეპიზოდები შეიძლება იყოს განსხვავებული ინტენსივობის.

 

რა სიმპტომები ახასიათებს ვერტიგოს?


ვერტიგოს დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • გულისრევა და ღებინება;
  • თავბრუსხვევა და ბალანსის დარღვევა;
  • სმენის დაქვეითება;
  • ხმაური ყურში (ტინიტუსი);
  • ყურის დაგუბება;
  • ნისტაგმი (თვალის უკონტროლო მოძრაობა). 

რა სახეობების ვერტიგო არსებობს?


არსებობს პერიფერიული და ცენტრალური ვერტიგო.

პერიფერიული ტიპის ვერტიგო თავს იჩენს მაშინ, როდესაც პაციენტს აღენიშნება შიგნითა ყურის ან პერიფერიული ნერვის დისფუნქცია.

პერიფერიული ვერტიგოს სახეობებია:კეთილთვისებიანი პოზიციური პაროქსიზმული ვერტიგო, ლაბირინთიტი, ვესტიბულარული ნევრიტი, მენიერის დაავადებით გამოწვეული ვერტიგო და სხვ.

ცენტრალური ვერტიგო უფრო იშვიათია. ის თავის ტვინის დაავადებების შედეგად ვითარდება, როგორიცაა ტვინის ღეროს იშემიური პათოლოგიები, გაფანტული სკლეროზი და სხვ.

 

რა იწვევს ვერტიგოს?


ვერტიგოს გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • შიგნითა ყურის დაავადებები;
  • შაკიკი;
  • სხვადასხვა მედიკამენტები;
  • ინსულტი;
  • არითმია;
  • დიაბეტი
  • თავის ტრავმები;
  • გადაღლილობა;
  • ყურის ქირურგიული ოპერაციები;
  • ჰიპერვენტილაცია;
  • დაბალი არტერიული წნევა;
  • ატაქსია;
  • სიფილისი;
  • ოტოსკლეროზი;
  • ტვინის დაავადებები;
  • აკუსტიკური ნევრინომა;
  • გაფანტული სკლეროზი. 

როგორ ხდება ვერტიგოს დიაგნოსტირება?


ვერტიგოს დიაგნოსტირებისას ექიმი მიიღებს ინფორმაციას პაციენტის გამოკითხვით, მისი შეგრძნებების შესახებ. ის ასევე, ფიზიკურად გასინჯავს პაციენტს - შეამოწმებს თვალების მოძრობას, ბალანსის და კოორდინაციის უნარებს. შესაძლებელია დაინიშნოს აუდიომეტრია და ვესტიბულარული ფუნქციის ტესტები შუა ყურის ფუნქციების შესამოწმებლად. როდესაც არსებობს ეჭვი, რომ ვერტიგო ნევროლოგიური მიზეზებით არის გამოწვეული, ამ შემთხვევაში ინიშნება კომპიუტერული ან მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია.

 

როდის მიუთითებს ვერტიგო სერიოზულ დაავადებაზე?


რეკომენდებულია, რომ პაციენტებმა დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს, თუ მათ:

  • აქვთ ვერტიგოს ხშირად განმეორებადი და რთული ეპიზოდები;
  • აღენიშნებათ მოძრაობის გაძნელება;
  • შეცვლილი აქვთ მხედველობა და მეტყველება;
  • აღენიშნებათ დაბნეულობა ან გონების დაბინდვა;
  • აქვთ მუდმივი ღებინება.

ეს სიმპტომები შესაძლოა მიანიშნებდეს ჯანმრთელობის სერიოზულ დაავადებებზე, როგორიცაა ინსულტი, გაფანტული სკლეროზი ან ფუნქციური ნერვული აშლილობა. ამ დაავადებების დროს ვერტიგოს ეპიზოდები უფრო ხშირია, ინტენსიურია და დიდ ხანს გრძელდება.

 

როგორ ხდება ვერტიგოს მკურნალობა და მართვა?


ვერტიგოს მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზებზე. შესაძლებელია დაინიშნოს, როგორც მედიკამენტური მკურნალობა, ასევე ფიზიოთერაპია.

კეთილთვისებიანი პოზიციური პაროქსიზმული ვერტიგოს დროს ხშირად ინიშნება ვარჯიშები, რაც წარმოადგენს თავის მოძრაობების სერიას და ორი მიზანი აქვს:

  • წონასწორობის რეაბილიტაცია;
  • სუბიექტური შეგრძნებების შემცირება.

პაციენტებისთვის ვარჯიშები ირჩევა ინდივიდუალურად.

გახანგრძლივებული ვერტიგოს დროს, როდესაც თერაპიული მკურნალობა უშედეგოა, შესაძლებელია დაინიშნოს ქირურგიული მანიპულაციები ვერტიგოს ეტიოლოგიიდან გამომდინარე.

 

რა რეკომენდაცია ეძლევათ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ვერტიგო?


ვერტიგოს დროს ექიმები პაციენტებს წოლას ურჩევენ, რადგან ამ დროს ნაკლებია თავბრუსხვევისა და გულისრევის შეგრძნებები. ვერტიგოს დროს, ასევე რეკომენდებულია:

  • პაციენტი მოერიდოს მკვეთრ მოძრაობებს;
  • მიიღოს მეტი წყალი დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად;
  • მოერიდოს კოფეინის, ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარებას;
  • მოერიდოს მარილიან საკვებს;
  • ექიმის დანიშნულების შესაბამისად შეასრულოს ფიზიოთერაპიული სავარჯიშოები.