ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

საძილე არტერიების დაავადება

რა არის საძილე არტერიის დაავადება და რა იწვევს მას?

საძილე არტერიის დაავადება, იგივე სტენოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც არტერიები, რომლებიც სისხლით ამარაგებს თავის ტვინს, სახესა და კისერს ვიწროვდება. შედეგად, თავის ტვინში ჟანგბადისა და საჭირო ნივთიერებების მიწოდება მცირდება.

საძილე არტერიის დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზი ათეროსკლეროზია. ათეროსკლეროზის დროს სისხლძარღვებში ყალიბდება ფოლაქები, რომლებიც არტერიაში დაგროვილ ქოლესტერინს, კალციუმს, ფიბროზულ ქსოვილებს და სხვა უჯრედოვან ნარჩენებს წარმოადგენს. ფოლაქების ფორმირების შედეგად, სისხლძარღვის სანათური ვიწროვდება ან ხდება მისი დახშობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი და იშემიური შეტევა.

საძილე არტერიის სტენოზის გამომწვევი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ტრავმა, თრომბი, დისექცია, დისპლაზია, ვასკულიტი და სხვ.

საძილე არტერიის დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორებია:

  • ასაკი (> 65 წელი)
  • ჰიპერტენზია;
  • მაღალი ქოლესტერინი;
  • სიმსუქნე;
  • დიაბეტი;
  • კარდიოვასკულარული დაავადებები;
  • თამბაქოს მოხმარება.

რა სიმპტომები ახასიათებს საძილე არტერიის დაავადებას?

საწყის ეტაპზე, საძილე არტერიის დაავადება შესაძლოა სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. სიმპტომები ძირითადად მაშინ ვითარდება, როდესაც მდგომარეობა რთულდება და ვითარდება ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა.

ინსულტის სიმპტომებია:

  • მგრძნობელობის დაკარგვა ან სისუსტე სახის არეში ან კიდურებში, რომელიც ძირითადად ცალ მხარეს ვითარდება;
  • გართულებული მეტყველება;
  • მხედველობის დარღვევები
  • თავბრუსხვევა ან წონასწორობის დაკარგვა;
  • ძლიერი თავის ტკივილი;
  • მეხსიერების პრობლემები;
  • დისპლაგია (ცერებრული დამბლა).

იშემიური შეტევის სიმპტომები ემთხვევა ინსულტის სიმპტომებს, თუმცა ისინი მხოლოდ რამდენიმე წუთის ან საათის განმავლობაში ვლინდება.

ინსულტი და იშემიური შეტევა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

 

როგორ ხდება საძილე არტერიის დაავადების დიაგნოსტირება?

გამომდინარე იქიდან, რომ საძილე არტერიის დაავადება გართულების დადგომამდე ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მისი დროული დიაგნოსტიკა, სამწუხაროდ ხშირად ვერ ხერხდება. დიაგნოსტიკური პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს და განისაზღვრება პაციენტის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების შესაბამისად.

კლინიკური შეფასებისას ექიმი ეცნობა პაციენტის ისტორიას და სტეთოსკოპის საშუალებით ამოწმებს ხმაურს საძილე არტერიაში, რადგან შევიწროებულ სისხლძარღვს, ჩვეულებრივ ახასიათებს სპეციფიკური ხმა.

რაც შეეხება კვლევებს, დიაგნოსტიკის მიზნით შესაძლებელია დაინიშნოს სხვადასხვა ტიპის გამოკვლევები, როგორიცაა:

  • დუპლექს სკანირება, რომელიც საშუალებითაც ხდება სისხლძარღვების როგორც ექოსკოპიური, ასევე ულტრაბგერითი კვლევა დოპლერის ეფექტით;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფია, რაც საშუალებას იძლევა დადგინდეს სტენოზის ზუსტი ლოკაცია და ხარისხი;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია, რომელიც კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას იძლევა კაროტიდულ არტერიების მდგომარეობის და მათში სისხლის მიმოქცევის შესახებ.

როგორ ხდება საძილე არტერიის დაავადების მკურნალობა?

საძილე არტერიის დაავადების მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია კაროტიდული არტერიის სანათურის დაზიანებები ხარისხზე, სიმპტომებზე, პაციენტის ასაკსა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადების მართვა ხდება ცხოვრების წესის ცვლილებებით და მედიკამენტებით, რომლებიც არეგულირებს არტერიულ წნევას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს ან ათხელებს სისხლს. დაავადების მძიმე შემთხვევებისას ინიშნება ქირურგიული მანიპულაცია, როგორიცაა:

  • კაროტიდული ენდარტერექტომია - გულისხმობს არტერიული ფოლაქის მოცილებას ღია ქირურგიული ჩარევით;
  • ენდოვასკულარული ქირურგია - მინიმალურად ინვაზიური მეთოდი, რომელიც სისხლის ნორმალური მიმოქცევის აღდგენის მიზნით, შევიწროებულ სისხლძარღვში ლითონის სტენტის იმპლანტაციას გულისხმობს.

შესაძლებელია თუ არა საძილე არტერიის დაავადების პრევენცია?

საძილე არტერიის დაავადებისა და ინსულტის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია პაციენტმა იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით და ჩაიტაროს სისხლძარღვების რეგულარული სკრინინგი ანგიოლოგის დანიშნულებით. სისხლძარღვების შევიწროების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია:

  • ჯანსაღი, დაბალანსებული კვება;
  • ფიზიკური აქტივობა;
  • წონის კონტროლი;
  • მოწევის შეწყვეტა;
  • ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება;
  • ისეთი ქრონიკული დაავადებების კონტროლი, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერქოლესტერინემია;
  • რეგულარული სკრინინგი და მედიკამენტების მიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.