ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

რეტინოპათია დღენაკლულ ბავშვებში

დღენაკლულთა რეტინოპათია მსოფლიოში სოციალური მნიშვნელობის პრობლემას წარმოადგენს და ბავშვთა სიბრმავის  ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. რეტინოპათია ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებში ბადურა გარსის სისხლძარღვების პათოლოგიური განვითარებით მიმდინარე დაავადებას გულისხმობს, მისი პრევენცია მხოლოდ დროული დიაგნოსტირებითა და სათანადო მკურნალობით არის შესაძლებელი.


ხშირად რეტინოპათია ორივე თვალზე ერთდროულად მიმდინარეობს და მისი განვითარება საშუალოდ სიცოცხლის მეოთხე კვირაში იწყება.


დღენაკლული ბავშვის დაბადებისას სავალდებულოა ოფთალმოლოგიური შემოწმება, რათა მოხდეს რეტინოპათიის დროული დიაგნოსტირება, დაავადების სტადიის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელი მკურნალობის ჩატარება რათა თავიდან ავიცილოთ ბადურა გარსის ჩამოშლით გამოწვეული სიბრმავე.

 

რეტინოპათიის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს შემდეგი რისკ-ფაქტორები:

  • ნაადრევად დაბადებული ახალშობილის  სხეულის მცირე მასა
  • ნაადრევად დაბადებული ახალშობილის მცირე ასაკი
  • ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია
  • ოქსიგენოთერაპია
  • სისხლძარღვოვანი და ნერვული სისტემის ცვლილებები
  • ახალშობილთა მძიმე ინფექციები
  • და სხვა

დღენაკლულთა რეტინოპათია – დიაგნოსტიკა

მნიშვნელოვანია, რომ დღენაკლული ახალშობილის  პირველი ოფთალმოლოგიური გამოკვლევა მოხდეს დაბადებიდან მკაცრად განსაზღვრულ ვადებში, ინდივიდუალურად ახალშობილის ასაკის მიხედვით. შემდგომი მეთვალყურეობა გრძელდება კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ძირითადად ყოველკვირეულად ან ორ კვირაში ერთხელ. დიაგნოსტირება გულისხმობს თვალის ბადურა გარსის დეტალურ დათვალიერებას არაპირდაპირი ბინოკულარული ოფთალმოსკოპიით, მედიკამენტოზურად გაფართოებული გუგების ფონზე. 

დღენაკლულთა რეტინოპათია  – მკურნალობა 

უმეტეს  შემთხვევაში  რეტინოპათიის I-II  სტადიის დროს ყოველგვარი მკურნალობის გარეშე აღინიშნება გაუმჯობესება(საშუალოდ შემთხვევადა 90 %), თუმცა III სტადია მოითხოვს მკურნალობას. წინააღმდეგ შემთხვევაში IV-V სტადიის დროს ვითარდება ბადურა გარსის ჩამოშლა და მხედველობის დაკარგვა.

 

მკურნალობა გულისხმობს  ბადურა გარსის ლაზერულ ქირურგიას ან ალტერნატიულ ანტი- VEGF თერაპიას თვალშიდა ინექციის სახით. დროული დიაგნოსტირებით და ადექვატური მკურნალობით თითქმის ყოველთვის შესაძლებალი ხდება მხედველობის გადარჩენა.


საქართველოში არსებობს საერთაშორისო გამოცდილებაზე დამყარებული, დღენაკლულთა რეტინოპათიის გამოვლენისა და მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ისინჯება ყველა დღენაკლული ახალშობილი (გესტაციური ასაკით 34კვირაზე ნაკლები და დაბადების წონით 2000 გრამზე ნაკლები) თავდაპირველად  ახაშობილთა ინტენსიური მოვლის განყოფილებებში, ხოლო ბინაზე გაწერის შემდეგ გრძელდება კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალს’’- ში.