რა არის მორბიდული სიმსუქნე?
რა რისკებთან არის დაკავშირებული მორბიდული სიმსუქნე (ჭარბი წონა)?
XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ სიმსუქნე დახასიათებული იქნა როგორც არაინფექციური ეპიდემია. დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოში მორბიდული სიმსუქნით მოსახლეობის 5%-ზე მეტია დაავადებული.
90 იანი წლების ბოლოს „ბარიატრიული ქირურგიის საერთაშორისო ფედერაციის“ მიერ სიმსუქნე იქნა განსაზღვრული, როგორც ქრონიკული, სამუდამო, მრავალფაქტორიანი, გენეტიკურად განპირობებული სიცოცხლისთვის საშიში დაავადება.
მორბიდული სიმსუქნით დაავადებული 25-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანებში სიკვდილიანობა 12-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მათ ნორმალურ წონიან თანატოლებში. 35 დან 45 წლამდე პირებში - დაახლოებით 8-ჯერ მაღალია. 0.5კგ. წონის მომატება 52-60 წლის ადამიანებში სიკვდილის რისკს ზრდის 3%-მდე.
რა დაავადებებს იწვევს მორბიდული სიმსუქნე (ჭარბი წონა)?
სიმსუქნე განიხილება, როგორც უმთავრესი მიზეზი შემდეგი დაავადებებისა:
- შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2
- არტერიული ჰიპერტენზია
- ძილის აპნოე
ჭარბი წონა იწვევს ხერხემლის და ქვემო კიდურების მსხვილი სახსრების დაზიანებას. იგი ხშირად ხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ინფარქტის, ინსულტის ნაადრევი განვითარების მიზეზი. ასევე, იწვევს ქვემო კიდურის ვენების, არტერიების სხვადასხვა პათოლოგიების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ქრონიკული თუ მწვავე დაავადებების განვითარებას.
სიმსუქნე არის ერთ ერთი ხელშემწყობი ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს, მსხვილი ნაწლავების, პროსტატის კიბოს განვითარებისთვის. იწვევს ფიზიკური და გონებრივი შრომის უნარიანობის დაქვეითებას, ფსიქოლოგიურ დისკომფორტს, დეპრესიას. შორს წასულ ფორმებში პაციენტები ხდებიან უმძიმესი ინვალიდები, რომლებსაც მარტივი მოქმედებების შესრულებაც უჭირთ.
როგორ განვსაზღვროთ გვაქვს თუ არა სიმსუქნე და გვჭირდება თუ არა ქირურგიული მკურნალობა?
იმისათვის, რომ განვსაზღვროთ გვაქვს თუ არა სიმსუქნე, რომელი ხარისხის არის იგი და გვაქვს თუ არა ოპერაციის წარმოების ჩვენება, აუცილებელია გამოვიყენოთ სხეულის მასის ინდექსი (BMI).აღნიშნული გამოითვლება სხეულის მასის (კგ) შეფარდებით სიმაღლის კვადრატთან (სმ).
როდის არის ქირურგიული ჩარევა მიზანშეწონილი (ბარიატრიული ქირურგია)?
ქირურგიული ჩარევით მკურნალობა მიზანშეწონილია და შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
- როდესაც სხეულის მასის ინდექსი (BMI) აღემატება 40-ს.
- როდესაც სხეულის მასა 40-50 კგ-ით აღემატება დადგენილ ნორმას.
- თუ სხეულის მასის ინდექსი (BMI) აღემატება 32-ს და პაციენტს აქვს სიმსუქნისთვის დამახასიათებელი თანდართული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, არტერიული ჰიპერტენზია, ძილის აპნოე, ქვემო კიდურის სახსრების დაზიანება და სხვ.).
- თუ მიუხედავად მრავალჯერადი დიეტოთერაპიისა, აქტიური ცხოვრების წესისა (ვარჯიშები მიმართული წონის კორექციისთვის), მკურნალობისა ენდოკრინოლოგთან, დიეტოლოგთან და ფსიქოლოგთან არ იძლევა ხანგრძლივ და სტაბილურ ეფექტს წონის კლების თვალსაზრისით.
„ნიუ ჰოსპიტალსში“ მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, ტარდება სხვადასხვა ტიპის ბარიატრიული ოპერაციები, რომლის შედეგად ხდება წონის მნიშვნელოვანი კლება. თუმცა, ოპერაციული მკურნალობის მეთოდის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.
ბარიატრიულ ქირურგთან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: 2 190 190