ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

მყესებისა და პერიფერიული ნერვების განმეორებითი მიკროქირურგიული ოპერაციები

რა შემთხვევაში ინიშნება მყესებისა და პერიფერიული ნერვების განმეორებითი მიკროქირურგიული ოპერაციები?

პერიფერიული ნერვებისა და მყესების დაზიანება ხშირად სერიოზულ ფუნქციურ შეზღუდვებს იწვევს, რაც გავლენას ახდენს როგორც მოძრაობაზე, ისე მგრძნობელობაზე. თანამედროვე მიკროქირურგია ამ ტიპის დაზიანებების მკურნალობისა და ფუნქციის მაქსიმალურად აღდგენის საშუალებას იძლევა. თუმცა, ყველა შემთხვევა წარმატებით არ სრულდება და ზოგჯერ საჭიროა განმეორებითი ოპერაციული ჩარევები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვითარდება ნაწიბუროვანი შეხორცებები, ნეირომა, რეგენერაციის შეფერხება ან ოპერაციის შემდეგ განვითარებული კომპრესიები. სწორედ ასეთ შემთხვევებში გამოიყენება განმეორებითი მიკროქირურგიული მეთოდები, როგორებიცაა ნევროლიზი, ტენოლიზი, ნერვის გადანერგვა, ტრანსპოზიცია და სხვ. ამ მეთოდებს შეუძლიათ შეამცირონ ტკივილი, გააუმჯობესონ ფუნქცია და მნიშვნელოვნად გაადვილონ პაციენტის რეაბილიტაცია.


რა ტიპის განმეორებითი მიკროქირურგიული ოპერაციები შეიძლება ჩატარდეს?

განმეორებითი მიკროქირურგიული ოპერაციები მრავალმხრივია და თითოეული კონკრეტულ მიზანს ემსახურება. მათი შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის გართულება განვითარდა პირველადი ოპერაციის შემდეგ, რამდენად შენარჩუნებულია დაზიანებული სტრუქტურის ანატომიური მთლიანობა და რა ფუნქციური მიზანი არსებობს. განმეორებითი მიკროქირურგიული ჩარევების ძირითადი სახეობებია:

  • ნევროლიზი - გულისხმობს ნაწიბუროვანი ქსოვილის მოცილებას ნერვის გარშემო, რათა მოხდეს მისი ფუნქციური გათავისუფლება. ეს ჩარევა ეფექტურია იმ შემთხვევებში, როცა ნერვი ტექნიკურად გამთლიანებულია. მაგრამ ნაწიბურების გამო ფუნქციონირება შეზღუდულია.
  • ენდონევროლიზი - წარმოადგენს ნევროლიზის სპეციფიკურ ფორმას და გულისხმობს ნაწიბუროვანი ქსოვილის მოცილებას უშუალოდ ნერვის შიგნით მდებარე სტრუქტურებიდან. ეს პროცედურა გამოიყენება მაშინ, როცა დაზიანებული ნერვი დაცულია, მაგრამ ნაწიბუროვანი ქსოვილი იწვევს შიდა კომპრესიას და ხელს უშლის იმპულსის გადაცემას ან რეგენერაციას. ხშირად გამოიყენება, როგორც განმეორებითი ოპერაცია იმ შემთხვევებში, როდესაც გარეგანი ნევროლიზი საკმარისი არ აღმოჩნდა ფუნქციის აღსადგენად.
  • ნერვის ტრანსპოზიცია - ოპერაციისას ხდება ნერვის გადაადგილდება ახალი ანატომიური მდებარეობისკენ, სადაც ის აღარ ექვემდებარება კომპრესიას ან გაჭიმვას. ტრანსპოზიცია შეიძლება განხორციელდეს სუბკუნთოვანი, კანქვეშა ან ინტრამუსკულარული მიდგომით. მისი მიზანია ნერვის დაცვა მეორადი დაზიანებისგან, ფუნქციის გაუმჯობესება და ტკივილის შემცირება.
  • ნერვის გადახვევა - ოპერაციის შემდგომ ნეირომის განვითარების ან გადაჭრის შემდეგ არსებული ტკივილის შესამცირებლად შესაძლებელია ნერვის გარშემო სხვადასხვა ბიოლოგიური მასალის შემოხვევა (ვენის გარსი, ცხიმოვანი ქსოვილი ან სინთეზური გარსები), რაც ამცირებს მგრძნობელობასა და ტკივილს.
  • ტენოლიზი - გულისხმობს მყესის გამოთავისუფლებას შეხორცებისაგან.

მყესის ტრანსპოზიცია - თუ პირველადი ოპერაციის შედეგად დაზიანებული მყესი ვერ აღდგა, შესაძლებელია ფუნქციის აღდგენა სხვა, ჯანსაღი მყესის გადატანით დაზიანებული პოზიციაზე, რაც უზრუნველყოფს დაკარგული ფუნქციის ნაწილობრივ ან სრულ აღდგენას.

რა პოტენციური გართულებები ახლავს თან მყესებისა და პერიფერიული ნერვების მიკროქირურგიულ განმეორებით ოპერაციებს?

როგორც ყველა ქირურგიულ მანიპულაციას, მყესებისა და პერიფერიული ნერვების მიკროქირურგიულ განმეორებით ოპერაციებსაც თან ახლავს რისკები და შესაძლო გართულებები, როგორიცაა:

  • ინფექცია;
  • სისხლდენა;
  • შეხორცების რეციდივი;
  • ტკივილის გამწვავება;
  • მგრძნობელობის ან მოძრაობის არასწორი აღდგენა.