მტევნის ფუნქციის დარღვევის კორექცია მიკროქირურგიული მეთოდით
რა არის მტევნის მიკროქირურგია?
ხელი ანატომიურად რთული და ფუნქციურად მრავალმხრივი ორგანოა, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაში. მისი უნიკალური აგებულება განაპირობებს მის მოქნილობასა და ზუსტი მოძრაობების შესრულების უნარს. მტევნის ანატომიური სტრუქტურა პირდაპირ განსაზღვრავს მის ფუნქციურ შესაძლებლობებს, რის გამოც ხელის ნებისმიერი, თუნდაც მცირე ზომის დაზიანება, პოტენციურად სერიოზულ შეზღუდვებს იწვევს. ამ რისკის მინიმიზაციის მიზნით, აუცილებელია ხელის დაზიანებათა დროული და სათანადო სამედიცინო შეფასება.
ხელის სტრუქტურული კომპონენტები მოიცავს ძვლებს, მყესებს, ნერვებს, სისხლძარღვებსა და მცირე სახსრებს, რომელთა კოორდინირებული ფუნქციონირება უზრუნველყოფს მტევნის მოძრაობას, მგრძნობელობას, შეხების, მოჭიდების, ზუსტი მანიპულაციებისა და კომუნიკაციის უნარს. ნერვული ბოჭკოები გადასცემენ სენსორულ ინფორმაციას და უზრუნველყოფენ კუნთების ინერვაციას, რაც აუცილებელია როგორც შეხების შეგრძნებისთვის, ისე მოძრაობის განხორციელებისთვის. სისხლძარღვები უზრუნველყოფენ ქსოვილების ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით მომარაგებას. მყესები, რომლებიც კუნთებს ძვლებთან აკავშირებენ, უზრუნველყოფენ მაჯისა და თითების მოძრაობას. მცირე სახსრები კი ხელს ანიჭებენ მოქნილობას და მოძრაობის ფართო დიაპაზონს.
ნებისმიერი პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც აზიანებს ხელის სტრუქტურულ ელემენტებს, იწვევს ფუნქციის დარღვევას და მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს. ხელის ტრავმისას, რაიონში ჭრილობების დროს იკერება მხოლოდ კანი, თუმცა შეიძლება დაზიანებული იყოს როგორც ნერვები, ასევე მყესები, რაც გამოიხატება დაბუჟებით ან მოძრაობის დარღვევით. ამ დროს საჭიროა კონსულტაცია და გადასაწყვეტია მკურნალობის ტაქტიკა, მათ შორის ოპერაციული.
ხელის მიკროქირურგია წარმოადგენს მაღალსპეციალიზებულ ქირურგიულ მიმართულებას, რომელიც ოპერაციული გადამდიდებელი ოპტიკის, სპეციალიზირებული მიკროქირურგიული ინსტრუმენტების და ატრავმული საკერავი მასალის გამოყენებით უზრუნველყოფს მცირე ზომის სტრუქტურებზე (ნერვები, სისხლძარღვები, მყესები) ზუსტი ქირურგიული ჩარევის შესაძლებლობას. მიკროქირურგიული ტექნიკა გადამწყვეტ როლს ასრულებს მტევნის ფუნქციის აღდგენაში ტრავმული დაზიანებების, თანდაყოლილი დეფექტების და სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის შედეგად განვითარებული ფუნქციური დარღვევების კორექციის პროცესში. ნერვების, სისხლძარღვებისა და მყესების მიკროქირურგიული აღდგენა, რეკონსტრუქციული ოპერაციები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტების ფუნქციურ შედეგებსა და ცხოვრების ხარისხს.
ხელის ტრავმის დროს ოპერაციული მკურნალობის ყველაზე ოპტიმალური დროა ჭრილობის მიღებიდან 3 კვირაში, თუმცა უფრო ხანდაზმული შემთხვევების დროსაც შესაძლებელია რეკონსტრუქცია.
რა ტიპის მიკროქირურგიული ოპერაციები ტარდება ნიუ ჰოსპიტალსში მტევნის ფუნქციის დარღვევის კორექციის მიზნით?
მტევნის ფუნქციის დარღვევის კორექციის მიზნით, ნიუ ჰოსპიტალსში შესაძლებელია ჩატარდეს სხვადასხვა ტიპის მიკროქირურგიული ოპერაციები, რაც დამოკიდებულია დაზიანების ხარისხსა და ლოკალიზაციაზე. ძირითადი მიმართულებებია:
ნერვების მიკროქირურგიული აღდგენა:
- ნერვის მთლიანობის აღდგენა - გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ნერვის ბოლოები ახლოსაა და შესაძლებელია მათი უშუალო შეერთება მიკროსკოპის ქვეშ თხელი ნაკერების გამოყენებით.
- პერიფერიული ნერვის ნევროლიზი - გულისხმობს ნაწიბუროვანი ქსოვილის მოცილებას ნერვის გარშემო, რათა მოხდეს მისი ფუნქციური გათავისუფლება. ეს ჩარევა ეფექტურია იმ შემთხვევებში,
- როცა ნერვი ტექნიკურად გამთლიანებულია, მაგრამ ნაწიბურების გამო ფუნქციონირება შეზღუდულია.
- ენდონევროლიზი - წარმოადგენს ნევროლიზის სპეციფიკურ ფორმას და გულისხმობს ნაწიბუროვანი ქსოვილის მოცილებას უშუალოდ ნერვის შიგნით მდებარე სტრუქტურებიდან. ეს პროცედურა გამოიყენება მაშინ, როცა დაზიანებული ნერვი დაცულია, მაგრამ ნაწიბუროვანი ქსოვილი იწვევს შიდა კომპრესიას და ხელს უშლის იმპულსის გადაცემას ან რეგენერაციას.
- ნერვის ტრანსპოზიცია - ოპერაციისას ხდება ნერვის გადაადგილდება ახალი ანატომიური მდებარეობისკენ, სადაც ის აღარ ექვემდებარება კომპრესიას ან გაჭიმვას. ტრანსპოზიცია შეიძლება განხორციელდეს სუბკუნთოვანი, კანქვეშა ან ინტრამუსკულარული მიდგომით. მისი მიზანია ნერვის დაცვა მეორადი დაზიანებისგან, ფუნქციის გაუმჯობესება და ტკივილის შემცირება.
- პერიფერიული ნერვების აუტოტრანსპლანტაცია - ინიშნება მაშინ, როდესაც დაზიანებული ნერვის პირდაპირი აღდგენა შეუძლებელი ან დაგვიანებულია.
- ნერვის დეკომპრესია - გამოიყენება ნერვის კომპრესიის სინდრომების დროს, როგორიცაა კარპალური გვირაბის სინდრომი ან იდაყვის არხის სინდრომი. ოპერაციის მიზანია ნერვზე ზეწოლის მომხდენი ქსოვილების გაკვეთა და ნერვის გათავისუფლება.
მყესების მიკროქირურგიული აღდგენა:
- მყესის მთლიანობის აღდგენა - გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც მყესის ბოლოების შეერთება შესაძლებელია უშუალოდ. ნაკერი კეთდება სპეციალური ტექნიკით, რაც უზრუნველყოფს მყესის სიმტკიცესა და გლუვ ზედაპირს, ადჰეზიების წარმოქმნის რისკის შესამცირებლად.
- ტენოლიზი - გულისხმობს მყესის გამოთავისუფლებას შეხორცებისაგან.
- მყესის ტრანსპოზიცია - თუ პირველადი ოპერაციის შედეგად დაზიანებული მყესი ვერ აღდგა, შესაძლებელია ფუნქციის აღდგენა სხვა, ჯანსაღი მყესის გადატანით დაზიანებული პოზიციაზე, რაც უზრუნველყოფს დაკარგული ფუნქციის ნაწილობრივ ან სრულ აღდგენას.
- მყესის მეორადი აღდგენა, რაც ძირითადად დაგვიანებული მკურნალობის დროს ინიშნება და გულისხმობს ნაწიბუროვანი ქსოვილის მოშორებას და ტკივილის შემცირებას.
რეკონსტრუქციული მიკროქირურგია:
- თითის რეპლანტაცია - ამპუტირებული თითის ან ხელის ნაწილის ხელახლა მიკერება, რაც მოიცავს ძვლების ფიქსაციას, მყესების, ნერვებისა და სისხლძარღვების მიკროსკოპულ აღდგენას.
- თითის რევასკულარიზაცია - თითის ან ხელის ნაწილის სისხლის მიმოქცევის აღდგენა, როდესაც სისხლძარღვები დაზიანებულია, მაგრამ ამპუტაცია არ მომხდარა.
- თანდაყოლილი დეფექტების კორექცია - მიკროქირურგიული ტექნიკა გამოიყენება ზოგიერთი თანდაყოლილი დეფექტის, როგორიცაა პოლიდაქტილია (ზედმეტი თითების არსებობა) ან სინდაქტილია (თითების შეზრდა), ქირურგიული კორექციისთვის.
რა რისკები და გართულებები შეიძლება ჰქონდეს მტევნის მიკროქირურგიულ ოპერაციებს?
ხელის მიკროქირურგიულ ოპერაციებს, ისევე როგორც ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას, შეიძლება ახლდეს გარკვეული გართულებები. მიუხედავად იმისა, რომ მიკროქირურგიული ტექნიკა მიზნად ისახავს სიზუსტესა და ქსოვილებისადმი ნაზ მოპყრობას, გართულებების განვითარების რისკი ყოველთვის არსებობს. ოპერაციის შემდეგ შეიძლება განვითარდეს შემდეგი გართულებები:
- ინფექცია;
- სისხლდენა;
- ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნა;
- ტკივილი;
- ნერვის დაზიანება;
- მოძრაობის შეზღუდვა და ფუნქციის არასრული აღდგენა.