მალთაშუა დისკის თიაქარი
რა არის მალთაშუა დისკის თიაქარი?
მალთაშუა დისკი წარმოადგენს ხრტილოვან-ჟელესებურ სტრუქტურას, რომელიც მდებარეობს ხერხემლის მალებს შორის, მონაწილეობს მალების ერთმანეთთან შესახსრებაში, უზრუნველყოფს ხერხემლის მოქნილობას და დრეკადობას, აქვს ბალიშის როლი - შთანთქავს მოძრაობისას ხერხემლის მალებზე წარმოქმნილ დატვირთვას. მალთაშუა დისკის ცენტრს ქმნის ჟელესებური მასა (პულპოზური ბირთვი), რომელიც გარშემორტყმულია მკვრივ-ელასტიური რგოლით (ფიბროზული რგოლი).
მალთაშუა დისკის თიაქარი არის დაავადება, როდესაც პულპოზური ბირთვი ან მისი ნაწილი გამოარღვევს ფიბროზულ რგოლს და სცდება მის საზღვრებს. გამოვარდნილი დისკის ფრაგმენტი, უმრავლეს შემთხვევაში, ხვდება ხერხემლის არხში, სადაც მდებარეობს ზურგის ტვინის ფესვები და ზურგის ტვინი. ხერხემლის არხის სივრცე შემოსაზღვრულია ძვლოვანი და იოგოვანი სტრუქტურებით. აქედან გამომდინარე, ხერხემლის არხში დამატებითმა მოცულობამ, მალთაშუა დისკის ფრაგმენტის სახით, შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტვინის ფესვებზე ან/და ზურგის ტვინზე ზეწოლა.
მალთაშუა დისკის თიაქარი შეიძლება გაჩნდეს ხერხემლის ნებისმიერ ნაწილში, ყველაზე ხშირად - წელის მიდამოში. ასევე გვხვდება კისრის ნაწილში. იშვიათად, მალთაშუა დისკის თიაქარი შეიძლება განვითარდეს გულმკერდის მიდამოში.
მიზეზები
ხერხემლის ძლიერმა დატვირთვამ (მაგ. ტრავმამ, მძიმე საგნის აწევამ ან აწეული მძიმე საგნით ბრუნვითმა მოძრაობამ) შეიძლება გამოიწვიოს დისკის ნაწილის გამოვარდნა. მალთაშუა დისკის ქსოვილები და მისი მიმდებარე იოგები, ასაკის მატებასთან ერთად, განიცდიან დეგენერაციას და სუსტდებიან. ამ ფონზე, ჩვეულმა ფიზიკურმა აქტივობამ ან უხერხულმა მოძრაობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს თიაქარი.
რისკ-ფაქტორები
- ჭარბი წონა, რაც იწვევს დამატებით სტრესს მალთაშუა დისკებზე, განსაკუთრებით ხერხემლის ქვედა ნაწილზე (წელის მიდამო)
- სისტემატური ფიზიკური დატვირთვა (სიმძიმის აწევა, მოზიდვა, მიწოლა, ბრუნვითი მოძრაობა და ა. შ.) ზრდის თიაქრის განვითარების რისკს
- მემკვიდრული ფაქტორები. ზოგ ადამიანს აქვს გენეტიკური წინასწარგანწყობა დისკის თიაქრის მიმართ. ხშირია ერთი ოჯახის რამდენიმე წევრის თიაქრით დაავადების შემთხვევა
- თამბაქოს მოწევა. ითვლება, რომ თამბაქოს მოწევა არღვევს მალთაშუა დისკის ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას, რაც აღრმავებს დეგენერაციულ პროცესებს
- მანქანის ხანგრძლივად მართვა. დიდხანს ჯდომა და მანქანის ძრავის ვიბრაცია უარყოფითად მოქმედებს ხერხემალზე
- ნაკლებაქტიური ცხოვრების წესი. ამ შემთხვევაში სუსტდება ზურგის კუნთები და იზრდება დატვირთვა მალთაშუა დისკებზე
მალთაშუა დისკის თიაქრის გამოვლინებები
ტკივილი
ტკივილი მალთაშუა დისკის თიაქრის ყველაზე ხშირი ჩივილია. ტკივილი შეიძლება იყოს ადგილობირვი (ხერხემლის მიდამოში) ან გადაცემითი (ქვედა ან ზედა კიდურში). ადგილობრივი ტკივილის მიზეზია ხერხემლის იოგოვანი აპარატის დაზიანაბა, ხოლო გადაცემითი ტკივილის მიზეზია ზურგის ტვინის ფესვის გაღიზიანება თიაქრის ზეწოლის შედეგად (რადიკულოპათია). ტკივილის ლოკალიზაციას განსაზღვრავს თიაქრის მდებარეობა. წელის მალთაშუა დისკის თიაქარი, როგორც წესი იწყება წელის ტკივილით, რასაც თან ერთვის გადაცემითი ტკივილი ფეხში. იშვიათად, თიაქარი შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ გადაცემითი ტკივილით, წელის ტკივილის გარეშე. უმრავლეს შემთხვევაში, გადაცემითი ტკივილი ცალმხრივია. კისრის მალთაშუა დისკის შემთხვევაში, კისრის ტკივილი გადაეცემა ხელში, იშვიათად ბეჭში.
დაბუჟება, კიდურში სისუსტე
რადიკულოპათიის გამოვლინება არ შემოიფარგლება მხოლოდ გადაცემითი ტკივილით. ზურგის ტვინის ფესვზე თიაქრის ზეწოლამ შეიძლება გამოიწვიოს ფესვში სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ნერვული ბოჭკოების დაზიანება, რისი პირველი გამოვლინებაც შეიძლება იყოს დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება კიდურის რომელიმე ნაწილში. მამოძრავებელი ბოჭკოების დაზიანებას მოსდევს კიდურში შესაბამისი კუნთების სისუსტე. მაგალითად წელის მეხუთე მალთაშუა დისკის თიაქრის დროს, მამოძრავებელი ბოჭკოების დაზიანება იწვევს სისუსტეს ტერფის გაშლისას.
შარდვის და ნაწლავის ფუნქციის დარღვევა
ანატომიურად, ზურგის ტვინი მთავრდება წელის პირველი მალის დონეზე. წელის პირველი მალთაშუა დისკის დონიდან ქვემოთ, ხერხემლის არხში არის მხოლოდ ზურგის ტვინიდან გამომავალი ფესვების კონა, ე. წ. „რაშის კუდი“. წელის მიდამოს დიდი ზომის თიაქრის შემთხვევაში, ზეწოლას განიცდის არა მხოლოდ ერთი ფესვი, არამედ ფესვების კონა - „რაშის კუდი“. ამ დროს, გარდა ზემოთ აღწერილი ნიშნებისა (ტკივილი,დაბუჟება,სისუსტე), შეიძლება გამოვლინდეს შარდვის და ნაწლავის ფუნქციების დარღვევა.
ზურგის ტვინის დაზიანების ნიშნები
მალთაშუა დისკის თიაქარმა, ნერვული ფესვების გარდა, შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტვინის დაზიანება (მიელოპათია). ზურგის ტვინი შეიძლება დაზიანდეს კისრის ან გულმკერდის მალთაშუა თიაქრების დროს. ზურგის ტვინის დაზინებას მოსდევს სისუსტე კიდურებში სრულ უმოძრაობამდე, მგრძნობლობის მოშლა სრულ დარღვევამდე, ასევე შარდვის და ნაწლავის ფუნქციების მოშლა.
დიაგნოსტირება
მალთაშუა დისკის თიაქრის დიაგნოსტირების საუკეთესო საშუალებაა ხერხემლის მაგნიტურ რეზონანსული კვლევა. მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია გვაძლევს ზურგის ტვინის, ნერვული ფესვების, მალთაშუა დისკების და მიმდებარე იოგოვანი აპარატის დეტალურ ვიზუალიზაციას.
დიაგნოსტირებაში ასევე გამოიყენება კომპიუტრული ტომოგრფია, რომელიც კარგად გამოსახავს ძვლოვან სტრუქტურებს, გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ ხერხემლის არხის ზომა და ფორმა, ასევე მალთაშუა დისკები.
ზოგ შემთხვევებში, დამატებით კეთდება ელექტრონეირომიოგრაფია. ეს გამოკვლევა გვიჩვენებს, რამდენად არის ნერვული ფესვი დაზიანებული.
მკურნალობა
არაქირურგიული მკურნალობა
- მედიკამენტური მკურნალობა
- ფიზიოთერაპია
- მანუალური თერაპია
ქირურგიული მკურნალობა
რა შემთხვევაში ხდება ოპერაციული ჩარევა ?- ძლიერი გადაცემითი (ფესვობრივი) ტკივილის შემთხვევაში, რაც არ კუპირდება ან ძნელად ემორჩილება მედიკამენტურ მკურნალობას. აღნიშნულის გამო პაციენტის ჩვეული აქტივობა შეზღუდულია, ცხოვრების ხარისხი გაუარესებული;
- არაქირურგიული მკურნალობის მეთოდების არაეფექტურობის შემთხვევაში
- ფესვის დაზინაების ნიშნების (დაბუჟება, მგრძნობელობის მოშლა, სისუსტე) არსებობის შემთხვევაში
- ზურგის ტვინის დაზიანების (მიელოპათიის) კლინიკური ან/და რადიოლოგიური ნიშნების არსებობის შემთხვევაში
- მწვავედ განვითარებული „რაშის კუდის“ ან ზურგის ტვინის დაზიანების ნიშნების დროს, საჭიროა გადაუდებელი ოპერაციული ჩარევა
წელის მალთაშუა დისკის თიაქრის ქირურგია
წელის მიდამოში, შუა ხაზზე, დაზიანებული დისკის დონეზე კეთდება მცირე ზომის (3.5სმ-მდე) კანის განაკვეთი. ზურგის კუნთების გვერდზე გადანაცვლების შემდეგ, ქირურგისთვის ხილული ხდება მალის უკანა ნაწილი. მიკროსკოპის კონტროლით, ძვლის მცირე ნაწილის მოცილებთ, მალებს შორის სივრცის საშუალებით, ხდება მიდგომა ნერვულ ფესვზე და დისკის თიაქარზე, რის შემდეგაც, ეს უკანასკნელი ამოიკვეთება და ნერვული ფესვი თავისუფლდება.
კისრის მალთაშუა დისკის თიაქრის ქირურგია
კისრის წინა ზედაპირზე, უფრო ხშირად მარჯვნივ, კეთდება მცირე ზომის (4-5სმ) განაკვეთი. მიკროსკოპის კონტროლით, ერთის მხრივ ხორხსა და საყლაპავს, ხოლო, მეორეს მხრივ, კუნთებს და სისხლძარღვებს შორის სივრციდან ხდება მიდგომა ხერხემლის მალების წინა ზედაპირზე, დაზიანებული დისკის დონეზე. შემდგომ, ხდება მალთაშუა დისკის სრულად მოცილება თიაქართან ერთად. ხერხემლის სტაბილიზაციის მიზნით, მალთაშუა სივრცეში, ამოღებული დისკის ადგილზე შეიძლება მოთავსდეს სხვადსხვა ტიპის იმპლანტი.
ოპერაციის შემდგომი პერიოდი
პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას, ოპერაციის შემდეგ, ფესვობრივი (გადაცემითი) ტკივილები აღარ აწუხებს. ფესვის დაზიანების სხვა ნიშნები (დაბუჟება, მგრძნობელობის მოშლა, სისუსტე), როგორც წესი, უკუგანვითებას განიცდის იმ შემთხვევაში, თუ მათი აღმოცენებიდან ოპერაციამდე დიდი დრო არ არის გასული. პაციენტების გააქტიურება (ადგომა, სიარული) ხდება მალევე, ოპერაციის მომდევნო დღეს. სტაციონარში, პაციენტი ყოვნდება საშუალოდ 2 დღის განავლობაში.
პრევენცია
- ზურგის კუნთების გამაგრება. ამისთვის საუკეთესო საშუალებაა ცურვა
- დიდხანს ჯდომის შემთხვევაში, ხერხემლის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება
- სიმძიმეების აწევისგან თავის შეკავება, აუცილებლობის შემთხვევაში სიმძიმის სწორად აწევა - დატვირთვის გადანაწილება კიდურებზე და არა ხერხემალზე
- წონაში დაკლება
- თამბაქოს მოწევის შეწყვეტა