კრიპტორქიზმი - ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი
კრიპტორქიზმი - ერთი ან ორი სათესლე ჯირკვლის სათესლე პარკში ჩამოუსვლელობაა. სათესლე ჯირკვლის სათესლე პარკში ჩამოსვლის შეფერხება ბავშვებში ხშირი მდგომარეობაა. სტატისტიკის მიხედვით ყოველი 25 ბიჭიდან ერთი კრიპტორქიზმით იბადება.
უმეტეს შემთხვევაში, მკურნალობა არ არის საჭირო, რადგან სათესლე ჯირკვალი(ები) თავისით დაეშვებიან სათესლე პარკში პირველი 3-6 თვის განმავლობაში. ეს მდგომარეობა არ არის მტკივნეული და არ უქმნის ჯანმრთელობას რაიმე სასწრაფო საფრთხეს, მაგრამ აუცილებლად უნდა შემოწმდეს ექიმის მიერ და იყოს მისი დაკვირვების ქვეშ. კრიპტორქიზმისთვის ჩვეულებრივ არ არის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები, გარდა იმისა, რომ ხელით გასინჯვისას სათესლე პარკში სათესლე ჯირკვლებს ვერ შეიგრძნობთ.
ხშირ შემთხვევაში სათესლე ჯირკვლები მოძრაობს ზემოთ და ქვემოთ სხვადასხვა დროს და ძირითადად იცვლის მდებარეობას ტემპერატურული, ან ემოციების (აღფრთოვანება, შიში)ზემოქმედებით. სათესლის პარკში ჯირკვლის ჩამოუსვლელობისაგან განსხვავებული მდგომარეობაა და ცნობილია როგორც მოძრავი სათესლე ჯირკვლები.
მოძრავი სათესლეები პატარებში არ არის საგანგაშო, რადგან სათესლეები, მომწიფების პერიოდის შემდეგ ხშირად სათესლე პარკში რჩებიან უკვე მუდმივად. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც კი შეიძლება დასჭირდეს მეთვალყურეობა. თანამედროვე რეკომენდაციით, თუ სათესლე ჯირკვალი 6 თვის ასაკამდე არ ფიქსირდება სათესლე პარკში და ექიმის მიერ მცირე მასაჟით ვერ ხერხდება მისი გამოყვანა საზარდულის არხის გარეთ, საჭიროა ოპერაციული მკურნალობა რათა შემდგომისთვის არ დაირღვეს სპერმატოგენეზის ფუნქცია.
რა იწვევს სათესლე პარკში სათესლეების ჩამოუსვლელობას?
ორსულობის დროს, სათესლეები ბავშვის მუცელში ფორმირდება, შემდეგ კი ბავშვის დაბადებამდე დაახლოებით 1-2 თვით ადრე ჩამოდის სათესლე პარკში.
კრიპტორქიზმის გამომწვვევი ზუსტი მიზეზი არ არის ცნობილი, თუმცა მსგავსი პრობლემის მქონე ბავშვების უმეტესობა სხვა მხრივ სრულებით ჯანმრთელია.
პათოლოგიის გამომწვევ მიზეზებად შეიძლება ჩაითვალოს:
- მცირე წონა
- ალკოჰოლის და თამბაქოს გამოყენება, ორსულობის პერიოდში
- ნაადრევი მშობიარობა (ორსულობის 37 კვირამდე დაბადება)
- მშობლის მიერ ქიმიური პრეპარატების გამოყენება
რა გართულებები შეიძლება მოყვეს, ჯირკვლის ჩამოუსვლელობას სათესლე პარკში?
პირველი, ეს არის სათესლე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ხოლო მეორე, მოგვიანებითი გართულებაა მისი ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარება. ზოგჯერ, შესაძლოა მოხდეს კრიპტორქიზმული ჯირკვალის შემოგრეხაც.
დიაგნოზირება
სათესლის პარკში ჩამოუსვლელობა, ხშირად ბავშვის დაბადების შემდეგ ჩატარებული ფიზიკური გამოკვლევების შედეგად ირკვევა. თუ ექიმი ხელით გასინჯვისას შეიგრძნობს სათესლე ჯირკვლების არსებობას, არ გახდება საჭირო დამატებითი გამოკვლევების ან სკანირებების ჩატარება, მაგრამ თუ სათესლეები არ შეიგრძნობა ხელით გასინჯვისას, მაშინ შეიძლება საჭირო გახდეს ლაპარასკოპიული დიაგნოზირება.
როგორ მკურნალობენ სათესლეების ჩამოსვლის დარღვევას?
უმეტეს შემთხვევაში, სათესლე ჯირკვლები ბუნებრივად ჩამოდის სათესლე პარკში სიცოცხლის პირველ 6 თვეში. 6 თვის შემდეგ ჩამოუსვლელობის შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობა, რადგან როგორც აღვნიშნეთ კრიპტორქიზმს მოსდევს მნიშვნელოვანი გართულებები. შესაძლოა მომავალში გამოიწვიოს განაყოფიერების პრობლემები და გაზარდოს სათესლეს კიბოს განვითარების რისკი.
მკურნალობა, ჩვეულებრივ მოიცავს ოპერაციას, რომელსაც ორქიდოპექსია ეწოდება, რის შდეგადაც ხდება სათესლეების სწორ პოზიციაში დაბრუნება, სათესლე პარკის შიგნით. ბავშვს ოპერაცია ჩვეულებრივ უტარდება 1 წლამდე ასაკში. ოპერაცია მარტივია და უმეტესად წარმატებულად სრულდება.