ინსულტი
რა არის ინსულტი?
ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის შედეგად გამოწვეული ტვინის ქსოვილის დაზიანებაა.
არსებობს ინსულტის ორი ფორმა:
-
იშემიური ინსულტი: არტერიის თრომბით დახშობა
-
ჰემორაგიული ინსულტი: სისხლჩაქცევა ტვინში
ინსულტის ყველაზე ხშირი (87%) ფორმა - იშემიურია.
ინსულტის დროს, ყოველ 1 წუთში 2 მილიონი ნეირონი იღუპება, რაც ზრდის ტვინის სამუდამო დაზიანების, უნარშეზღუდულობის და სიკვდილის რისკს.
შესაძლებელია თუ არა ინსულტის მკურნალობა?
თანამედროვე მედიცინაში ინსულტის მკურნალობის აღიარებული მეთოდებია:
თრომბექტომია, რაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პროცედურაა და თავის ტვინის სისხლძარღვიდან თრომბის ენდოვასკულარული გზით ამოღებას გულისხმობს. მისი ჩატარების საჭიროება იშემიური ინსულტის განვითარებისას დგება და ხელს უწყობს ტვინში სისხლის ნაკადის აღდგენას. თრომბექტომია გამოიყენება მაშინ, როდესაც თრომბის სიდიდიდან გამომდინარე, მისი თრომბოლიზისური თერაპიით დაშლა შეუძლებელი ხდება.
თრომბოლიზისი, ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პროცედურაა, რომლის საშუალებით შესაძლებელია ტვინის ქსოვილის დაზიანებისა და განმეორებითი ინსულტის თავიდან აცილება. სისტემური თრომბოლიზისი ინტრავენურ ინექციას - თრომბოლიზური მედიკამენტის გადასხმას გულისხმობს, რომლის საშუალებით ხდება არტერიებში წარმოქმნილი, იშემიური ინსულტის გამომწვევი, სისხლის კოლტების დაშლა და სისხლის მიმოქცევის აღდგენა. მნიშვნელოვანია პროცედურის ადრეულ ეტაპზე - ინსულტის განვითარებიდან უახლოეს საათებში ჩატარება, რათა მოხდეს ინსულტით გამოწვეული ზიანის მაქსიმალური აცილება.
ინსულტის დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია პაციენტის ინსულტის სპეციალიზირებულ ცენტრში მოთავსება, სადაც მკურნალობა მულტიპროფილური მიდგომით ხორციელდება, შესაბამისი ცოდნის მქონე გუნდის მიერ: გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, ნეიროქირურგი, ფიზიოთერაპევტი, ერგოთერაპევტი, ლოგოპედი.
სწრაფი მოქმედება ამცირებს ზიანს!
ინსულტის ცენტრში პაციენტის სწრაფად მოთავსების შემთხვევაში შესაძლებელია დროული მკურნალობა, რაც ამცირებს ტვინის ქსოვილის მნიშვნელოვანი დაზიანების და უნარშეზღუდულობის რისკს.
დაიმახსოვრე ინსულტის სამი ნიშანი:
- სისუსტე კიდურებში - შეუძლია ორივე ხელის აზიდვა და შენარჩუნება?
- ასიმეტრიული სახე - ჩამოწეული აქვს სახე ცალ მხარეს? შეუძლია გაღიმება?
- მეტყველების დარღვევა - დარღვეული აქვს ან უჭირს მეტყველება?
- იჩქარე!
პაციენტის გადასარჩენად მნიშვნელოვანია სწრაფი მოქმედება!
თუ შენიშნეთ ინსულტის სამი ნიშანი, დარეკეთ 112-ში და სასწრაფო დახმარების მოსვლამდე:
- გაუსწორეთ პაციენტს თავი და ნიკაპი
- დააკვირდით სუნთქვას
- დააკვირდით გულისცემას
- დააკვირდით რეაგირებას - ხმაზე, ტკივილზე
- გახადეთ ზედმეტი ტანსაცმელი
ინსულტის პრევენცია შესაძლებელია!
ინსულტის რისკის შესამცირებლად, სასურველია:
- დაარეგულიროთ სისხლის წნევა
- აკონტროლოთ ქოლესტერინის შემცველობა სისხლში
- შეწყვიტოთ მოწევა
- შეწყვიტოთ ჭარბი ალკოჰოლის მიღება
- მიირთვათ ჯანსაღი საკვები
- ივარჯიშოთ რეგულარულად
- აკონტროლოთ სხეულის წონა
- აირიდოთ სტრესული მდგომარეობა