ფუნქციური დისპეფსია
ფუნქციური დისპეფსია კუჭ-ნაწლავის სისტემის ქრონიკული ფუნქციური დარღვევაა, რომლის დროსაც აღინიშნება მონელების პრობლემები, თუმცა დიაგნოსტიკური კვლევებით მათი გამომწვევი ორგანული პათოლოგია არ ვლინდება. ტერმინი „დისპეფსია“ აღნიშნავს მონელების დარღვევას, ხოლო „ფუნქციური“ მიუთითებს იმაზე, რომ სიმპტომები არ არის დაკავშირებული კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის სტრუქტურულ დაზიანებასთან.
ფუნქციური დისპეფსიის სიმპტომები ხშირად ჰგავს კუჭის წყლულისთვის დამახასიათებელ ნიშნებს და მოიცავს ტკივილს ან დისკომფორტს მუცლის ზედა ნაწილში, შებერილობას, ბოყინს და გულისრევას. მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა ქრონიკულია, ის არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებას.
ფუნქციური დისპეფსიის ტიპები
ფუნქციური დისპეფსია კლინიკურად სამ ძირითად ტიპად იყოფა:
- ეპიგასტრიული ტკივილის სინდრომი (EPS) - ეს ტიპი დაკავშირებულია ეპიგასტრიული რეგიონის (მუცლის ზედა ნაწილის) ტკივილთან ან წვის შეგრძნებასთან.
- პოსტპრანდიალური დისტრესის სინდრომი (PDS) - ამ ტიპის შემთხვევაში სიმპტომები განსაკუთრებით აღინიშნება ჭამის დროს ან მის შემდეგ და ვლინდება შებერილობით, სწრაფი დანაყრების შეგრძნებით, საკვების ბოლომდე მიღების შეუძლებლობით და გულისრევით.
- შერეული ფორმა - ახასიათებს ორივე ტიპის სიმპტომები.
ფუნქციური დისპეფსიის სიმპტომები
ფუნქციური დისპეფსიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის ზედა ნაწილში;
- წვის შეგრძნება ეპიგასტრიუმში;
- გულძმარვა;
- შებერილობა და გაზების დაგროვება;
- ადრეული დანაყრება ჭამის დროს;
- გულისრევა ან დაღლილობა ჭამის შემდეგ;
- ბოყინი ან საჭმლის მონელების შეფერხება.
სიმპტომები უმეტესად ჭამის დროს ან მის შემდეგ მძიმდება, რაც პაციენტს აიძულებს შეცვალოს კვების ჩვევები ან მიიღოს დამატებითი ზომები დისკომფორტის შესამცირებლად. ხშირად ფუნქციური დისპეფსიის სიმპტომებს თან ახლავს სტრესი, ემოციური დაძაბულობა და გაღიზიანება.
ეპიდემიოლოგია
ფუნქციური დისპეფსია არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევა, რომელიც მოსახლეობის 20%-ზე მეტს აღენიშნება. სტატისტიკის მიხედვით, ეს მდგომარეობა დასავლეთის ქვეყნებში უფრო ხშირად ფიქსირდება, ვიდრე აღმოსავლეთში. კვლევები აჩვენებს, რომ ფუნქციური დისპეფსია უფრო გავრცელებულია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.
გამომწვევი მიზეზები
ფუნქციური დისპეფსიის გამომწვევი მიზეზები დღემდე უცნობია. ექიმები მას განიხილავენ ფუნქციურ დარღვევად, რაც იმას ნიშნავს, რომ მდგომარეობის მიზეზი არ არის სტრუქტურული ან ორგანული პრობლემა. სამედიცინო კვლევები არ აჩვენებს რაიმე პათოლოგიას, შესაბამისად დიაგნოზი უმეტესად სიმპტომების საფუძველზე დგინდება.
მიუხედავად ამისა, ფუნქციური დისპეფსიის განვითარებაში რამდენიმე ფაქტორი შეიძლება მონაწილეობდეს:
- ვისცერალური ჰიპერმგრძნობელობა - მდგომარეობა, როდესაც ნერვული სისტემა ძალიან მგრძნობიარე ხდება კუჭ-ნაწლავის ორგანოების სიგნალების მიმართ.
- საკვების მოძრაობის დარღვევები - ნერვული სისტემის და საჭმლის მომნელებელი სისტემის კავშირის პრობლემის შედეგად კუნთები შესაძლოა არ გააქტიურდეს სწორად, საკვები გაჩერდეს კუჭში ან ნაწლავებში ჩვეულებრივზე მეტი დროით, შედეგად მონელება ნელდება და წარმოიქმნება დისკომფორტი, შებერილობა ან სიმძიმის შეგრძნება.
- მომნელებელი სისტემის დისბიოზი - მიკრობიომის ბალანსის დარღვევა კუჭში სხვადასხვა გზით, იწვევს სიმპტომებს. მაგალითად, H. pylori-ს ინფექცია კუჭის ლორწოვან გარსს აზიანებს, იწვევს ანთებას და ზრდის მგრძნობელობას მჟავაზე. ნაწლავის ბაქტერიული გადატვირთვა კი იწვევს გაზებს და მონელების პრობლემებს, განსაკუთრებით ცხიმების დაშლისას.
- ეოზინოფილური დუოდენიტი - ზოგიერთ პაციენტს ფუნქციური დისპეფსიის დროს ზედა წვრილ ნაწლავში (დუოდენუმში) აქვს სისხლის თეთრი უჯრედების, ეოზინოფილების, ზედმეტი რაოდენობა. ეს იწვევს ქრონიკულ ანთებას (დუოდენიტს). ეოზინოფილები იმუნური სისტემის ნაწილია და ორგანიზმს იცავს ალერგიებისა და ინფექციებისგან. საკვებზე ალერგიამ ან გადატანილმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს ეოზინოფილების აქტივაცია და გააუარესოს ფუნქციური დისპეფსიის სიმპტომები.
რისკ-ფაქტორები
არსებობს რამდენიმე რისკ-ფაქტორი, რომელიც ზრდის ფუნქციური დისპეფსიის განვითარების და მისი სიმპტომების გაძლიერების ალბათობას. მათ შორისაა:
- სქესი - ქალებს ფუნქციური დისპეფსია უფრო ხშირად აღენიშნებათ, ვიდრე მამაკაცებს.
- ფსიქოლოგიური სტრესი - სტრესის მაღალმა დონემ ან ნერვულმა დაძაბულობამ შეიძლება გამოიწვიოს ფუნქციური დისპერსიის სიმპტომები.
- გადატანილი კუჭ-ნაწლავის დაავადებები - წარსულში გადატანილი კუჭის ან ნაწლავის ინფექციები ან ალერგიული რეაქციები.
- არასწორი კვების ჩვევები - გადაჭარბებული ცხიმიანი ან მაღალკალორიული საკვები, შიმშილი ან ჭარბი კოფეინის მიღება.
- ალკოჰოლი და მოწევა - თამბაქოს მოხმარებამ და ალკოჰოლის რეგულარულად მიღებამ შეიძლება გაამწვავოს სიმპტომები.
- გენეტიკური ფაქტორი - ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ოჯახის წევრებს შორის ფუნქციური დისპეფსია უფრო ხშირად აღინიშნება.
დიაგნოსტირება
ფუნქციური დისპეფსიის დიაგნოზი უმეტესად ეფუძნება სიმპტომებს და ფიზიკურ შემოწმებას. დამატებით, ექიმები ნიშნავენ სხვადასხვა კვლევებს, რათა გამოირიცხოს სხვა დაავადებები და დადგინდეს დისკომფორტის მიზეზები. ჩვეულებრივ, დიაგნოსტირებისას ინიშნება შემდეგი კვლევები:
- სისხლის ლაბორატორიული კვლევები;
- ჰელიკობაქტერია პილორის (H. pylori) ტესტირება;
- გასტროსკოპია;
- კუჭის დაცლის ტესტები.
მკურნალობა
როდესაც ფუნქციური დისპეფსიის სიმპტომები არ უმჯობესდება ცხოვრების წესის ცვლილებით, საჭირო ხდება მედიკამენტური მკურნალობა ან ფსიქოთერაპია.
მედიკამენტური მკურნალობის დროს სიმპტომების შესაბამისად ინიშნება:
- მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალებები;
- მჟავის გამოყოფის შემცირების საშუალებები;
- პროტონური ტუმბოს ინჰიბიტორები (PPIs);
- ანტიბიოტიკები H. pylori-ისთვის - თუ ტესტები ადასტურებს ბაქტერიას;
- დაბალი დოზის ანტიდეპრესანტები;
- პროკინეტიკური მედიკამენტები;
- გულისრევის საწინააღმდეგო მედიკამენტები.
როდესაც მედიკამენტები საკმარისი არ არის, პაციენტს სიმპტომების მართვაში შეიძლება დაეხმაროს ფსიქოთერაპია, ასევე, სტრესის მართვის სხვადასხვა მეთოდები.
მედიკამენტური მკურნალობა და ფსიქოთერაპია ზოგჯერ ერთდროულად ინიშნება, რათა მაქსიმალურად შემცირდეს სიმპტომები და გაუმჯობესდეს პაციენტის ყოველდღიური ცხოვრება.
ცხოვრების წესის ცვლილებები
ფუნქციური დისპეფსიის სიმპტომების შესამსუბუქებლად ხშირად ეფექტურია ცხოვრების წესის მცირე ცვლილებებიც. რეკომენდაციები ძირითადად ეხება კვებას და სტრესის მართვას:
- პაციენტმა უნდა ჭამოს ხშირად, მცირე ულუფებით;
- არ უნდა გამოტოვოს კვება დღის განმავლობაში;
- გამორიცხოს სიმპტომების მატრიგერებელი პროდუქტები, როგორიცაა ცხიმიანი ან ცხარე საკვები, გაზიანი სასმელები, კოფეინი და ალკოჰოლი;
- პაციენტმა უნდა დაღეჭოს საკვები ნელა და სრულფასოვნად.
- ასევე რეკომენდებულია სრულფასოვანი ძილი და სტრესის მართვის ტექნიკები, როგორიცაა სუნთქვითი და კუნთების რელაქსაციის ვარჯიშები.