ფებრილური გულყრა
ფებრილური გულყრა (მაღალი ტემპერატურით გამოწვეული კრუნჩხვა) უვითარდება ყოველი 100 ბავშვიდან 3-4 ბავშვს 6 თვიდან 5 წლამდე ასაკში, უხშირესად კი 12-18 თვის ასაკში.
თუ პირველი მარტივი ფებრილური გულყრა განვითარდა 1 წლამდე ასაკში, მისი განმეორების შანსი დაახლოებით 50%-ია, მაშინ როდესაც 1 წლის ზემოთ პირველი გულყრის განვითარების შემთხვევაში მისი განმეორების შანსი 30%-ია. ფებრილური კრუნჩხვის მქონე ბავშვების ძალზე მცირე რაოდენობას შეიძლება განუვითარდეს ეპილეფსია.
ფებრილური გულყრა ჩვეულებრივ ვითარდება ცხელების დაწყებიდან პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში. ბავშვი შეიძლება გამოიყურებოდეს უცნაურად, გაშეშდეს და გადაატრიალოს თვალები, ასევე იყოს უგონო მდგომარეობაში რამდენიმე წამის ან წუთის განმავლობაში. კანის შეფერილობა შეიძლება შეიცვალოს. კრუნჩხვის დამთავრების შემდეგ პაციენტი სწრაფად უბრუნდება საწყის მდგომარეობას. კრუნჩხვა ჩვეულებრივ გრძელდება 1 წუთის განმავლობაში, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გახანგრძლივდეს 15 წუთამდეც.
24 საათის განმავლობაში იშვიათად ვითარდება ფებრილური კრუნჩხვის 1-ზე მეტი ეპიზოდი.
როგორ მოვიქცეთ ფებრილური გულყრის დროს?
- მოათავსეთ ბავშვი იატაკზე ან საწოლში და მოარიდეთ ყველა ხიფათის შემცველ ნივთს.
- მოაბრუნეთ ბავშვის თავი გვერდზე, რომ ნერწყვი ან ნაღებინები მასები გამოიყოს პირიდან და არ იყოს გადაცდენის რისკი.
- არ ჩაუდოთ პირში რაიმე საგანი, არ ეცადოთ ენის ამოწევას, ბავშვი არ გადაყლაპავს ენას.
- გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
არსებობს თუ არა რისკი, რომ ბავშვს გაუმეორდეს კრუნჩხვა?
ფებრილური გულყრა როგორც წესი გენეტიკურად პირობადებულია. 1 წლამდე ასაკში განვითარებული ფებრილური გულყრის დროს მისი განმეორების შანსი 50%-ია, 1 წლის ზემოთ - 30%.
არის თუ არა საშიში ფებრილური გულყრა?
მიუხედავად იმისა, რომ ფებრილური გულყრა შიშისმომგვრელია ირგვლივ მყოფთათვის, ის არ არის ზიანის მომტანი ბავშვისთვის. ის არ იწვევს ტვინის დაზიანებას, ნერვული სისტემის მხრივ ცვლილებებს, ინტელექტუალურ უნარშეზღუდულობას, დამბლას ან სიკვდილს.
გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ცხელების მიზეზის გარკვევა და საჭიროების შემთხვევაში მისი შესაბამისი მართვა, ვიდრე საკუთრივ კრუნჩხვის.
ჩვეულებრივ, მარტივი ფებრილური გულყრის პროფილაქტიკა არ არის რეკომენდებული. სიცხის დამწევი პრეპარატები აქვეითებს ტემპერატურას და გამოიყენება ცხელების მართვისთვის, მაგრამ ისინი თავიდან არ აგვაცილებს კრუნჩხვას.