ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

დორსალგია

რა არის დორსალგია?

დორსალგია ზურგის არეში არსებული ტკივილია. ეს ტერმინი აღნიშნავს ნებისმიერი სახის ტკივილს, რომელიც გამოხატულია ზურგის, კისრის, ბეჭების და წელის არეში. დორსალგია შესაძლებელია გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში მწვავე (ხანმოკლე) ან ქრონიკული (ხანგრძლივი, 12 კვირაზე მეტი დროით) ფორმით.


დორსალგიის რა ტიპები არსებობს?

არსებობს დორსალგიის რამდენიმე განსხვავებული ტიპი:

  • ცერვიკალური დორსალგია - მოიცავს კისრის ანუ ხერხემლის ცერვიკალურ არეს.
  • ცერვიკოთორაკალური დორსალგია - მოიცავს კისრის და ზურგის შუა ნაწილს.
  • თორაკალური დორსალგია - შედარებით იშვიათი ტიპია და მოიცავს ხერხემლის თორაკალურ არეს - შუა ზურგის ნაწილს.
  • თორაკოლუმბალური დორსალგია - გამოხატულია ზურგის შუა ნაწილსა და წელის არეში.
  • ლუმბალური დორსალგია - მოიცავს წელის არეს და ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა.
  • ლუმბოსაკრალური დორსალგია - ვლინდება წელის და გავის ძვლის მიმდებარე ნაწილში.

რა იწვევს დორსალგიას?

დორსალგია ბევრი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, რაცგანსხვავებულ მიდგომას და მკურნალობას საჭიროებს. დორსალგიის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია:

  • ხერხემლის დისკის თიაქარი;
  • დისკის დეგენერაციული დარღვევები;
  • კუნთების დაჭიმულობა;
  • ოსტეოართრიტი;
  • სხვადასხვა სახის ტრავმები, როგორიცაა სპორტული დაზიანება, ავტოავარია, დაცემა და სხვ.
  • ფიზიკური გადატვირთვა და მძიმე შრომა;
  • წონის აწევის არასწორი ტექნიკა;
  • სხეულის არასწორი პოზა და ერგონომიკა;
  • ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა;
  • სხვა ფაქტორები, როგორიცაა სიმსუქნე, სტრესი, მოწევა.

რა სიმპტომები ახასიათებს დორსალგიას?

დორსალგია ვლინდება ზურგის არეში ტკივილის და დისკომფორტის კომპლექსური სიმპტომებით. ტკივილი და არასასიამოვნო შეგრძნება შეიძლება იყოს როგორც მსუბუქად გამოხატული და პერიოდული, ასევე ძლიერი და ხანგრძლივი. დორსალგიის დროს, შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:

  • მწვავე ან ყრუ ტკივილი კონკრეტულ უბანში, რომელიც შეიძლება გამძაფრდეს მოძრაობისას, ხანგრძლივად ჯდომისან დგომის დროს.
  • წვის, ჩხვლეტის ან დაჭიმულობის შეგრძნება ხერხემლის უბანში;
  • მოძრაობის გაძნელება;
  • დაბუჟება;
  • ტკივილის გადაცემა (რადიაცია) სხეულის სხვა ნაწილებში (მაგ. კიდურებში).
  • კუნთების ტკივილი;
  • შინაგანი ორგანოების პათოლოგიები, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, თირკმლის პათოლოგიები და სხვ.
  • კომპენსატორული პოზა - ტკივილის თავიდან ასაცილებლად მეტისმეტად დახრილი, გადახრილი ან პირიქით, გამართული პოზა, რომელიც ხერხემლის ბუნებრივ მოძრაობას უშლის ხელს.

როგორ ხდება დორსალგიის დიაგნოსტირება?

დორსალგიის დიაგნოსტიკა ყოველთვის ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს, რადგან ტკივილი შესაძლოა განსხვავებული მიზეზებით იყოს გამოწვეული.სწორი დიაგნოსტირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა დადგინდეს ტკივილის ზუსტი ეტიოლოგია და დაიგეგმოს შესაბამისი მკურნალობა.


დიაგნოსტირების პირველ ეტაპზე ექიმი შეისწავლის პაციენტის ისტორიას, სიმპტომებს, ტკივილის ხანგრძლივობას. განსაკუთრებული ყურადღება ეპყრობა თანმხლებ სიმპტომებს, როგორიცაა დაბუჟება, მოძრაობის შეზღუდვა, კიდურების სისუსტე და სხვა. ექიმი ასევე ახდენს პაციენტის ფიზიკურ გამოკვლევას:აფასებს მოძრაობის დიაპაზონს, კუნთების მდგომარეობას, ნერვულ ფუნქციას, ხერხემლის ფორმასა და სიმეტრიას.

დორსალგიის დიაგნოსტირებისას ნიუ ჰოსპიტალსში შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ტიპის კვლევები:

  • რენტგენოგრაფია - საშუალებას იძლევა შეფასდეს ძვლოვანი სტრუქტურების მდგომარეობა, თიაქრების, მოტეხილობების ან დეგენერაციის ნიშნები.
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია - უზრუნველყოფს ქსოვილების ფართო, დეტალურ ხედვას.
  • კომპიუტერული ტომოგრაფია - გამოიყენება ძვლოვანი ან რთულად შესაფასებელი სტრუქტურების დეტალური სურათისთვის.
  • ელექტრომიოგრაფია - გამოიყენება ნერვული ფუნქციის გამოკვლევისას.

როგორ ხდება დორსალგიის მკურნალობა?
დიაგნოსტიკის შედეგების საფუძველზე ექიმი ადგენს პაციენტის მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ფიზიოთერაპიას, მედიკამენტურ თერაპიას ან რთული შემთხვევებისას ქირურგიულ მეთოდებს. მკურნალობის მეთოდოლოგია დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობასა და ტკივილის ეტიოლოგიაზე.

ნიუ ჰოსპიტალსში პაციენტებს საშუალება აქვთ ჩაიტარონ დორსალგიის ქირურგიული და არაქირურგიული მკურნალობა, როგორიცაა:

  • ფიზიოთერაპია და რეაბილიტაცია;
  • მალებს შორის თიაქრის ქირურგიული და არაქირურგიული მკურნალობა;
  • კისრის მალების ქირურგია;
  • ხერხემლის ნაკლებადინვაზიური ოპერაციები;
  • ხერხემლის ენდოსკოპიური ოპერაციები;
  • ხერხემლის მოტეხილობების მკურნალობა.

შესაძლებელია თუ არა დორსალგიის თავიდან აცილება?

დორსალგიის პრევენცია ცხოვრების წესის ცვლილებებსა და ფიზიკურ აქტივობას გულისხმობს. ზურგის ტკივილის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია:

  • რეგულარული ფიზიკური აქტივობა;
  • სხეულის სწორი პოზის შენარჩუნება;
  • სიმძიმეების სწორი მეთოდით აწევა, რაც გულისხმობს წელის მოუხრელად, სიმძიმის აწევას მოხრილი მუხლებით, სხეულთან ახლოს, რათა წონის დატვირთვა გადავიდეს ფეხებზე ზურგის ნაცვლად.
  • მოწევის შეწყვეტა;
  • ჯანსაღი წონის შენარჩუნება.

რას უნდა მოერიდოს პაციენტი დორსალგიის დროს?

დორსალგიის დროს პაციენტი უნდა მოერიდოს ისეთი ქმედებებსა და პირობებს, რომლებმაც შეიძლება გაამწვავოს ტკივილი, ხელი შეუშალოს გამოჯანმრთელებას ან გამოიწვიოს გართულება. დორსალგიის დროს პაციენტმა თავიდან უნდა აირიდოს:

  • გახანგრძლივებული დგომა ან ჯდომა;
  • რბილ ზედაპირზე ძილი;
  • მოულოდნელი სწრაფი მოძრაობები;
  • გადაჭარბებული ვარჯიში და მძიმე ფიზიკური დატვირთვა;
  • ტკივილის იგნორირება ან თვითმკურნალობა.