ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

დიუპიუტრენის კონტრაქტურის მკურნალობა

რა არის დიუპიუტრენის კონტრაქტურა?

დიუპიუტრენის კონტრაქტურა წარმოადგენს ხელისგულისა და თითების პათოლოგიას. ჯანმრთელ მტევანში არსებობს შემაერთებელი ქსოვილის თხელი გარსი - ფასცია, რომელიც ფარავს მნიშვნელოვან ნერვებს, სისხლძარღვებს, კუნთებსა და მყესებს, ასევე უზრუნველყოფს კანის სტაბილიზაციას. დიუპიუტრენის კონტრაქტურის დროს ფასცია განიცდის პათოლოგიურ ცვლილებებს. იგი სქელდება და წარმოქმნის გამკვრივებებს, რასაც მოჰყვება მტევნის თითების მოხრა. დაავადებას ახასიათებს პროგრესირება,  თანდათანობით  თან ერთვის ტკივილი, ფუნქციის დაკარგვა და სხვა გართულებები.


რა იწვევს დიუპიუტრენის კონტრაქტურას?

დიუპიუტრენის კონტრაქტურის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მას  მემკვიდრეობითი ხასიათი აქვს. ის შემაერთებელი ქსოვილის ყველაზე გავრცელებული მემკვიდრეობითი დაავადებაა. დიუპიუტრენის კონტრაქტურა  უფრო ხშირად 40 წელს გადაშორებულ მამაკაცებს ემართებათ. დაავადების განვითარების რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება, დიაბეტი, დაბალი სხეულის მასის ინდექსი და სხვ.

არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ კონკრეტული სამუშაო ან ხელის ტრავმები ზრდის დაავადების განვითარების რისკს.

რა სიმპტომები ახასიათებს დიუპიუტრენის კონტრაქტურას?

დიუპიუტრენის კონტრაქტურა შეიძლება თვეების ან წლების განმავლობაში ვითარდებოდეს, ამიტომ თავდაპირველად შესაძლოა სიმპტომები არ გამოვლინდეს. დაავადების სიმპტომები, როგორც წესი, შემდეგი თანმიმდევრობით ვითარდება:

  • კვანძები - ხელისგულზე კანქვეშ მცირე ზომის ბორცვები დიუპიუტრენის კონტრაქტურის პირველი ნიშანია. ისინი, როგორც წესი, თითების ძირში ჩნდება, სადაც თითები ხელისგულს უერთდება. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტს კვანძების გარდა სხვა სიმპტომები არასდროს უვითარდება, ზოგ შემთხვევაში კი კვანძები თავისთავად ქრება. კვანძებმა შეიძლება გარშემო კანის შეკუმშვა გამოიწვიოს.
  • მკვრივი ჭიმები - დროთა განმავლობაში კვანძები შეიძლება გასქელდეს და წარმოქმნას გრძელი თოკისებრი ქსოვილები ფასციაზე, რომლებიც თითების მოხრას იწვევს ხელისგულის მიმართულებით.
  • კონტრაქტურა - საბოლოოდ, ჭიმები შეიძლება იმდენად გამკვრივდეს და გასქელდეს, რომ შეუძლებელი გახდეს დაზიანებული თითების ხელისგულიდან სრულად გაშლა ან გასწორება.

სხვა მდგომარეობებისგან განსხვავებით, დიუპიუტრენის კონტრაქტურის სიმპტომების გამწვავებას, როგორც წესი, რაიმე კონკრეტული გამომწვევი ფაქტორი არ ახასიათებს. შეიძლება სიმპტომები დროთა განმავლობაში  გაუარესდეს, ზოგიერთ პაციენტში კი შესაძლოა დარჩეს საწყის სტადიაზე.

იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:

  • შესივება;
  • ქავილი;
  • წვის ან ტკივილის შეგრძნება.

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება?

როგორც წესი დიუპიუტრენის კონტრაქტურის დიაგნოსტირება ფიზიკური გასინჯვით და სიმპტომების შეფასებით ხდება. შესაძლებელია დაინიშნოს სისხლის ანალიზები და რენტგენოლოგიური კვლევა.

დიაგნოსტირებისას ყურადღება ექცევა  კვანძებისა და ჭიმების არსებობას, ასევე თითების მოხრის ხარისხს. შესაძლოა ექიმმა სთხოვოს პაციენტს გაშლილი ხელისგული დადოს ბრტყელ ზედაპირზე, - თუ თითები სრულად არ ეხება ზედაპირს და მათ შორის რჩება სივრცე, ეს შეიძლება მიუთითებდეს კონტრაქტურაზე.


როგორ ხდება დიუპიუტრენის კონტრაქტურის მკურნალობა მიკროქირურგიული ჩარევით?

დიუპიუტრენის კონტრაქტურის მკურნალობის მიზანია დაზიანებული თითების გაშლის გაუმჯობესება და ხელის ფუნქციის აღდგენა. მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, სიმპტომების სიმძიმესა და პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

როდესაც კონსერვატიული მკურნალობის მეთოდები საკმარისი არ არის, ინიშნება მიკროქირურგიული ოპერაცია. მიკროქირურგიული ოპერაციის დროს გამადიდებელი მოწყობილობები ქირურგს საშუალებას აძლევს უფრო დეტალურად დაინახოს ხელისგულზე და თითებზე გამავალი ნატიფი სტრუქტურები და ზუსტად ამოკვეთოს პათოლოგიურად შეცვლილი ფასცია და ჭიმები ჯანმრთელი ქსოვილების მინიმალური დაზიანებით.

დიუპიუტრენის კონტრაქტურის სამკურნალო მიკროქირურგიული ოპერაციებია:

  • ფასციექტომია - დაავადების სამკურნალო ყველაზე გავრცელებული მიკროქირურგიული მეთოდია, რომლის დროსაც ხდება დაზიანებული ფასციის და ჭიმების სრული ან ნაწილობრივი ამოკვეთა.
  • ფასციოტომია -  ამ დროს ხდება მხოლოდ ჭიმების გაკვეთა კანის მცირე ზომის განაკვეთებით. ეს ნაკლებად ინვაზიური მეთოდია, მაგრამ რეციდივის რისკი უფრო მაღალია.
  • დერმოფასციექტომია - რთულ შემთხვევებში, როდესაც კანიც მნიშვნელოვნად დაზიანებულია, შესაძლოა საჭირო გახდეს კანისა და ფასციის ამოკვეთა კანის შემდგომი გადანერგვით.

ოპერაციის შემდეგ ინიშნება რეაბილიტაცია ხელის ფუნქციის სრული აღდგენის, ტკივილის შემცირების და ოპერაციის შედეგების გამყარების მიზნით.

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს დიუპიუტრენის კონტრაქტურის სამკურნალო მიკროქირურგიულმა ოპერაციებმა?

მიკროქირურგიულ ოპერაციას, რომელიც ტარდება დიუპიუტრენის კონტრაქტურის სამკურნალოდ, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქირურგიულ ჩარევას, შეიძლება ახლდეს გარკვეული გართულებების რისკი. ეს გართულებები შეიძლება იყოს მსუბუქი და დროებითი, ან უფრო სერიოზული და ხანგრძლივი. ოპერაციის შემდგომი შესაძლო გართულებები შეიძლება იყოს:

  • სისხლდენა;
  • ინფექცია;
  • დაავადების რეციდივი;
  • კომპლექსური რეგიონული ტკივილის სინდრომი.