"> ბარიატრიული ქირურგია - ნიუ ჰოსპიტალსი
ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ბარიატრიული ქირურგია

რა არის ბარიატრიული ქირურგია?


ბარიატრიული ქირურგია არის პათოლოგიური სიმსუქნის (მორბიდული სიმსუქნის) ოპერაციული მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. იგი ემსახურება ადამიანის ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

რა ტიპის ბარიატრიული ოპერაციები ტარდება?


„ნიუ ჰოსპიტალსში“ ტარდება სხვადასხვა ტიპის ბარიატრიული ოპერაციები, რომლის შედეგად ხდება წონის მნიშვნელოვანი კლება. თუმცა, ოპერაციული მკურნალობის მეთოდის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

  • სლივ გასტრექტომია (Sleeve) - კუჭის ვერტიკალური რეზექცია ლაპარასკოპიულად
  • გასტროშუნტირება (Gastric Bypass)
  • მინი გასტროშუნტირება (Mini Gastric Bypass) - ერთანასტომოზიანი ოპერაცია.
  • განმეორებითი ოპერაციები (თუ პაციენტს მანამდე აქვს ჩატარებული რაიმე სახის ბარიატრიული მანიპულაცია/ოპერაცია და კვლავ აღენიშნება წონის მატება).

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ბარიატრიულ ქირურგიაში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც მოიცავს ბარიატრიულ ქირურგს, ენდოკრინოლოგს, ფსიქოლოგს, გასტროენტეროლოგს, თერაპევტს, კარდიოლოგს, გინეკოლოგს, ანგიოლოგს, ანესთეზიოლოგს და რადიოლოგს. პაციენტებისთვის შესაძლებელია ერთ სივრცეში მიიღონ ყველა აღნიშნული სერვისი, როგორც წინასაოპერაციო ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში და აწარმოონ ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.

სლივ გასტრექტომია (Sleeve) -კუჭის ვერტიკალური რეზექცია ლაპარასკოპიულად.

რა არის სლივ გასტრექტომია?


სლივ გასტრექტომია არის კუჭის ოპერაცია, რომელიც სრულდება ლაპარასკოპულად, ზოგადი ნარკოზის ქვეშ და განსხვავდება იმ ოპერაციებისგან, რომელიც ხორციელდება კუჭის კიბოს ან/და წყლულოვანი დაავადებების დროს.


სლივ გასტრექტომიის დროს იჭრება კუჭის დიდი სიმრუდე, კუჭს ეძლევა 1,5 სმ დიამეტრის მილის ფორმა და კუჭი, როგორც „მოცულობითი ტომარა“ გადაიქცევა „მილად“, სადაც ხდება საკვების სწრაფი ევაკუაცია თორმეტგოჯა ნაწლავში. ამ დროს მცირდება კუჭის სეკრეტორული ფუნქცია, სცილდება ზონა, რომელიც გამოყოფს შიმშილის ჰორმონ გრილინს, რაც ადამიანს უქვეითებს ჭამის მადას. კუჭის მოცულობის შემცირებასთან ერთად მცირდება მასში საკვების შეწოვა. ამავდროულად ხდება მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური სარქვლების  (საყლაპავის სარქველი, იგივე კარდიალური სფინქტერი და კუჭის გასავალის სარქველი) შენარჩუნება.


რა შემთხვევაში კეთდება სლივგასტრექტომია?


სლივგასტრექტომიის ჩატარება მიზანშეწონილია, როდესაც სხეულის მასის ინდექსი (BMI) 40-51-მდეა. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ეს ოპერაცია ეფექტურია უფრო მაღალი სხეულის მასის ინდექსის (BMI) მქონე ინდექსის პაციენტებში. გარდა ამისა, ეს ოპერაცია სრულდება იმ შემთხვევებში, როდესაც უფრო რთული სამედიცინო ჩარევები სარისკოა თანდართული დაავადებების გამო. იმ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო ჩვენება არსებობს, ოპერაცია შესაძლებელია ჩაუტარდეს ნებისმიერი ასაკის პაციენტს, როგორც ხანდაზმულს, ასევე მოზარდს.


რა მასის კლებაზე შეიძლება საუბარი სლივ გასტრექტომიისას?


სლივ გასტრექტომიის შემდეგ პაციენტი ზედმეტი წონის მიახლოებით 65-%-ს კარგავს. თუმცა, ეს მაჩვენებელი შესაძლოა ვარირებდეს. საშუალოდ, სლივგასტრექტომიისას პაციენტი უფრო მეტ წონას კარგავს, ვიდრე ბანდაჟირებისას. სტატისტიკური მონაცემებით, მეორე (ნაწლავური) ეტაპის შესრულება სჭირდება პაციენტების 20-25%-ს.


რა დადებითი მხარეები აქვს სლივ გასტრექტომიას?

  • საკვების ფიზიოლოგიური პასაჟის (დინების) შენარჩუნება;
  • ფიზიოლოგიური სარქვლების შენარჩუნება;
  • საკვების სწრაფი პასაჟი (ჩადინება) ნაწლავებში;
  • არ საჭიროებს ჩანაცვლებით თერაპიას;
  • ლაპარასკოპული ტექნოლოგიით შესრულების შესაძლებლობა;
  • II ტიპის შაქრიანი დიაბეტის 80%-მდე კომპენსაცია.

რა რისკები ახლავს სლივ გასტრექტომიას?

  • ჩამოყალიბებული მილის სტრიქტურა (ანუ შევიწროვება);
  • არასწორი კვებითი რეჟიმის დაუცველობისას მილის გადაჭიმვა (კუჭის კვლავ გაზრდა);
  • კუჭის ნაკერების უკმარისობა (უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში 0,05%);
  • შესაძალო რეფლუქს-ეზოფაგიტების ხანმოკლე წარმოქმნა, რომელიც ადვილად იკურნება მედიკამენტოზურად.       

გასტროშუნტირება (Gastric Bypass)

გასტროშუნტირება, ანუ კუჭის შუნტირება ლაპარასკოპიული მეთოდით კეთდება, როდესაც სხეულის მასის ინდექსი (BMI) 51 კგ/მ2-ზე მეტია ან საქმე გვაქვს ეგრდწოდებულ სუპერმორბიდულ წონასთან. კუჭის ზედა ნაწილში პატარა ჩანთა იქმნება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება წვრილ ნაწლავს.  


რა დადებითი მხარეები აქვს გასტროშუნტირებას?

  • მნიშვნელოვანი და მდგრადი წონის კლება;
  • შედარებითი კვებითი კომფორტი (ნაკლები დიეტური შეზღუდვები);
  • II ტიპის შაქრიანი დიაბეტის თითქმის სრული კომპენსაცია;
  • ჰიპერჰოლისტერინემიისა და ჰიპერლიპიდემიის მნიშვნელოვანი კლება, რაც შაქრის ნორმალიზაციასთან ერთად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას ახდენს;
  • შედარებით მარტივი ოპერაციებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი, რაც ვლიდნება სიმსუქნით გამოწვეული დაავადებების მიმდინარეობაზე (არტერიული ჰიპერტონია, სუნთქვის უკმარისობა, ბრონქიალური ასთმა, რეფლუქეზოფაგიტი, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები, პერიფერიული ვენების დაავადებები, საკვერცხეების დისფუნქცია).

აღსანიშნავია, რომ პაციენტმა, როგორც ყველა ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ, საკვების გადასამუშავებლად უნდა შეასრულოს 30-40 ღეჭვითი მოძრაობა და იკვებოს ნელ ტემპში.


რა რისკები ახლავს გასტროშუნტირებას?

  • რთული ოპერაციული ჩარევა;
  • კუჭ-ნაწლავის ნაკერების უკმარისობა;
  • გამოყოფილი ნაწლავების სტრიქტურა (შევიწროვება);
  • კუჭ-ნაწლავის შერთულების სტენოზი (შევიწროვება);
  • მცირე კუჭის გადაჭიმვა არასწორი კვების გამო;
  • კუჭსა და ნაწლავს შორის შერთულის წყლულის წარმოქმნა 3-5%-მდე. ციფრი იმატებს მწეველებში;
  • ჩანაცვლებითი თერაპიის აუცილებლობა;
  • ლაპაროტომიული წესით ოპერაციების გაკეთების შემდეგ თიაქრების გაჩენა.

არასაკმარისი ოდენობით ცილების, მინერალების, ვიტამინების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს საერთო სისუსტე, დროებითი თმის ცვენა. ზოგჯერ საჭიროა პაციენტის განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია პარენტერალური (ინტრავენური) კვებისთვის.

 

მინი გასტროშუნტორება

მინი გასტროშუნტირების ჩვენებაა, როდესაც სხეულის მასის ინდექსი (BMI) არის 45 კგ/მ2. და მეტი.


რა დადებით მხარეები აქვს მინი გასტროშუნტირებას?

  • საკვების სწრაფი პასაჟი (ჩადინება) ნაწლავებში;
  • არ საჭიროებს ჩანაცვლებით თერაპიას;
  • ლაპარასკოპიული ტექნოლოგიით შესრულების შესაძლებლობა;
  • II ტიპის შაქრიანი დიაბეტის 90%-მდე კომპენსაცია;
  • შედარებითი კვებითი კომფორტი;
  • შედარებით მარტივი ოპერაციული ტექნოლოგია;
  • ჩამოყალიბებული მცირე კუჭის მილის გადაჭიმვის ნაკლები შესაძლებლობა;
  • დემპინგ-სინდრომის (ნახშირწყლების სწრაფი შეწოვის) განვითარების მინიმალური რისკი.

რა რისკები ახლავს მინი გასტროშუნტირებას?

  • სლივ გასტრექტომიასთან შედარებით რთული ოპერაციული ჩარევა;
  • საკვების პათოლოგიური რეფლუქსი 6-8%-ში (უკან დაბრუნება) კუჭის ტაკვში, რაც იწვევს მანკიერი წრის წარმოქმნას;
  • კუჭისა და ნაწალვების ნაკერების უკმარისობა (უკიდურესად იშვიათდ შემთხვევაში 0,05%);
  • ნაღვლის რეფლუქსის შედეგად კუჭის ონკოდაავადებების სიხშირის ზრდა.                                                                                                                                                                                            

„ნიუ ჰოსპიტალსში“ მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, ტარდება სხვადასხვა ტიპის ბარიატრიული ოპერაციები, რომლის შედეგად ხდება წონის მნიშვნელოვანი კლება. თუმცა, ოპერაციული მკურნალობის მეთოდის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. 
ბარიატრიულ ქირურგთან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: 2 190 190