აუტიზმი
აუტისტური სპექტრის აშლილობა დაკავშირებულია ნეიროგანვითარების მდგომარეობასთან, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ტვინის განვითარებასა და ფუნქციონირებაზე. ის უპირატესად აისახება იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი მის გარშემო არსებულ სამყაროს და როგორ ურთიერთქმედებს სხვებთან. აუტისტური სპექტრის აშლილობისთვის ასევე დამახასიათებელია ქცევის შეზღუდული და განმეორებადი პატერნები. ტერმინი „სპექტრი“ აუტისტური სპექტრის აშლილობასთან მიმართებით ასახავს ამ აშლილობის სიმპტომებისა და სიმძიმის მრავალფეროვნებას.
აუტისტური სპექტრის აშლილობა იწყება ადრეულ ბავშვობაში და დროთა განმავლობაში დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს სოციალურ ადაპტაციასთან, სწავლასა და მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები. აუტიზმის სიმპტომები ბავშვებში ჩვეულებრივ
პირველივე წლის განმავლობაში ვლინდება. ზოგიერთი ბავშვი კი ნორმალურად ვითარდება პირველი წლის განმავლობაში, შემდეგ კი 18-დან 24 თვემდე პერიოდში განიცდის რეგრესიის პერიოდს და ავლენს აუტისტურ სიმპტომებს.
მიუხედავად იმისა, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობა არ ინკურნება, ინტენსიური, ადრეული თერაპია დიდ განსხვავებას იძლევა ბავშვის მომავალი ცხოვრების განვითარებაში.
აუტისტური სპექტრის სიმპტომები
ზოგიერთი ბავშვი აუტისტური სპექტრის აშლილობის ნიშნებს ადრეულად ავლენს. ეს ნიშნებია: თვალებით კონტაქტის არიდება, სახელზე შეზღუდული რეაგირება ან მომვლელის მიმართ ინდეფერენტულობა. ზოგიერთი ბავშვი კი ნორმალურად ვითარდება პირველი რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად ხდება გულჩათხრობილი, აგრესიული ან კარგავს მეტყველების და კომუნიკაციის იმ უნარებს, რაც აქამდე ჰქონდა. ნიშნები ჩვეულებრივ ვლინდება 2 წლის ასაკში.
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე თითოეულ ბავშვს ქცევის საკუთარი და უნიკალური პატერნი და სიმპტომები აქვს, რომლებიც ფუნქციონირების სხვადასხვა დონეზე აისახება.
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ზოგიერთ ბავშვს უჭირს სწავლა, რაც ასევე გამოიხატება ნორმალურზე დაბალი ინტელექტის მაჩვენებლებით. ზოგიერთ ბავშვში კი ვლინდება ნორმალური ან მაღალი ინტელექტის მაჩვენებელი - ისინი სწავლობენ ადვილად, თუმცა უჭირთ კომუნიკაცია, ვერ იყენებენ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში და სხვადასხვა სოციალურ სიტუაციებში.
ვინაიდან სიმპტომები და ნიშნები ყველა ბავშვში უნიკალური და განსხვავებულია, ზოგჯერ რთული ხდება სიმძიმის დონის დადგენა. სიმძიმე ძირითადად, სოციალური კომუნიკაციის დონეზე და ფუნქციონირების უნარებზეა დამოკიდებული.
სოციალური კომუნიკაცია და ინტერაქცია
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვს ან ზრდასრულს შეიძლება ჰქონდეს სოციალურ ინტერაქციასთან და კომუნიკაციურ უნარებთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის რომელიმე შემდეგი სიმპტომი:
- არ რეაგირებს სახელით მიმართვაზე ან ზოგჯერ თითქოს არ ესმის თქვენი ნათქვამი;
- არ უყვარს ჩახუტება და დაჭერა, ამჯობინებს მარტო თამაშს, იკეტება საკუთარ სამყაროში;
- არ ამყარებს თვალით კონტაქტს და არა აქვს მეტყველი სახე;
- არ ლაპარაკობს ან აყოვნებს მეტყველებას, ან კარგავს სიტყვების ან წინადადებების წარმოთქმის უნარს;
- არ იწყებს საუბარს ან არ აგრძლებეს საუბარს, ან იწყებს საუბარს მხოლოდ რაიმეს მოთხოვნის ან დასახელების მიზნით;
- საუბრობს უჩვეულო ან მონოტონური ტონით ან რიტმით, შეიძლება გავდეს რობოტის ხმას ;
- იმეორებს ერთსა და იმავე სიტყვებს ან ფრაზებს გაუჩერებლად, მაგრამ ვერ იყენებს მათ დანიშნულებისამებრ;
- ვერ იგებს მარტივ შეკითხვებს ან მითითებებს;
- არ გამოხატავს ემოციებს ან გრძნობებს და ვერ იგებს სხვის ემოციებს;
- არ მიუთითებს ნივთებზე და არ მოაქვს ნივთები სხვებთან ინტერესის გასაზიარებლად;
- არასათანადოდ რეაგირებს სოციალურ კავშირზე, ხდება პასიური, აგრესიული ან ხელისშემშელელია;
- უჭირს არავერბალური ნიშნების ამოცნობა, როგორიცაა სხვა ადამიანების სახის გამომეტყველების, სხეულის პოზის ან ხმის ტონის ინტერპრეტაცია.
ქცევის პატერნები
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვმა ან ზრდასრულმა შეიძლება გამოავლინოს ქცევის, ინტერესების ან აქტივობების შეზღუდული, განმეორებადი ტენდენციები, მათ შორის რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:
- ახასიათბეს განმეორებითი მოძრაობები, როგორიცაა რწევა, ბრუნვა ან ხელების ქნევა;
- ასრულებს ისეთ მოძრაობებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვითდაზიანება, როგორიცაა მაგ. თავის დარტყმა;
- აქვს კოორდინაციის პრობლემები, მოძრაობის უცნაური ფორმები, როგორიცაა მოუხერხებლობა ან ფეხისწვერებზე სიარული, უცნაური ან გადაჭარბებული სხეულის ენა;
- აოცებს საგნის დეტალები, როგორიცაა სათამაშო მანქანის ბორბლები, მაგრამ ვერ იაზრებს საგნის დანიშნულებას ან ფუნქციას;
- ზედმეტად მგრძნობიარეა სინათლის, ხმაურის ან შეხების მიმართ, მაგრამ შეიძლება არ აწუხებდეს ტკივილი ან ტემპერატურა;
- არ ერთვება იმიტაციურ ან გამოგონილ თამაშებში;
- აფიქსირებს მზერას ობიექტზე ან აქტივობაზე ინტენსიურად;
- საკვებს ირჩევს სპეციფიკური პრეფერენციებით, მაგალითად მიირთმევს მხოლოდ რამდენიმე ტიპის საკვებს ან უარს ამბობს გარკვეული ტექსტურის მქონე საკვების მიღებაზე.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ ფიქრობთ, რომ თქვენს შვილს განვითარების დარღვევები აქვს ან ეჭვი გაქვთ, რომ მას შეიძლება ჰქონდეს აუტისტური სპექტრის აშლილობა, გაესაუბრეთ ამის შესახებ ექიმს. აშლილობასთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება განვითარების სხვა დარღვევებთანაც იყოს დაკავშირებული.
აუტისტური სპექტრის აშლილობის ნიშნები ხშირად განვითარების ადრეულ ეტაპზე ვლინდება, როდესაც აშკარაა შეფერხებები მეტყველების და კომუნიკაციის უნარებში. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ განვითარების ტესტების ჩატარება კოგნიტური, მეტყველების და სოციალურ უნარების დარღვევების დასადგენად. ამ ტესტების ჩატარება აუცილებელია, თუ თქვენი ბავშვი:
- არ გამოხატავს ღიმილს ან ბედნიერ გამომეტყველებას 6 თვემდე;
- არ იმიტირებს ხმებს ან სახის გამომეტყველებას 9 თვემდე;
- არ გამოსცემს ბავშვისთვის დამახასიათებელ ხმებს 12 თვემდე;
- არ აკეთებს ჟესტიკულაციას, არ მიუთითებს საგნებზე ან არ გიქნევთ ხელს 14 თვემდე;
- არ ამბობს ცალკეულ სიტყვებს 16 თვემდე;
- არ თამაშობს იმიტაციურ თამაშებს 18 თვემდე;
- არ ამბობს ორსიტყვიან ფრაზებს 24 თვემდე;
- კარგავს მეტყველების მანამდე არსებულ უნარებს ნებისმიერ ასაკში.
დაავადების გამომწვევი რისკ-ფაქტორები
აუტისტური სპექტრის აშლილობა გამოვლენილია ყველა რასისა და ეროვნების ბავშვებში, მაგრამ გარკვეული ფაქტორები ზრდის ბავშვებში დაავადების განვითარების რისკს. ეს შეიძლება იყოს:
- სქესი. ბიჭებში დაახლოებით ოთხჯერ უფრო ხშირად ფიქსირდება აუტისტური სპექტრის აშლილობა, ვიდრე გოგონებში.
- გენეტიკური ფაქტორები. მშობლებს, რომლებსაც ჰყავთ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ერთი შვილი, ალბათობა იმისა, რომ მეორე ბავშვსაც ექნება აუტიზმი ძალიან მაღალია.
- სხვა დაავადებები. გარკვეული დაავადებების მქონე ბავშვებში აუტისტური სპექტრის აშლილობის ან აუტიზმის მსგავსი სიმპტომების რისკი საშუალოზე მაღალია. ასეთ დაავადებებში შედის, მაგ. მყიფე X-ქრომოსომის სინდრომი, მემკვიდრეობითი აშლილობა, რომელიც იწვევს ინტელექტუალურ პრობლემებს; ტუბეროზული სკლეროზი, რომლის დროსაც ტვინში კეთილთვისებიანი სიმსივნეები ვითარდება; და რეტის სინდრომი, გენეტიკური დაავადება, რომელიც თითქმის ყოველთვის გოგონებში გვხვდება და იწვევს თავის ზრდის შენელებას, გონებრივი უნარების და ხელის მოძრაობის ფუნქციის დაქვეითებას.
- ნაადრევად დაბადებული ბავშვები. გესტაციის 36 კვირამდე დაბადებული ბავშვები შეიძლება აღმოჩნდნენ აუტისტური სპექტრის აშლილობის მომატებული რისკის ქვეშ.
- მშობლების ასაკი. შეიძლება არსებობდეს კავშირი ხანდაზმული ასაკის მშობლების ბავშვებსა და აუტისტური სპექტრის აშლილობას შორის, მაგრამ ამ კავშირის დასადგენად მეტი კვლევაა საჭირო.
გართულებები
სოციალურ ინტერაქციასთან, კომუნიკაციასთან და ქცევასთან დაკავშირებულმა დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემები როგორიცაა:
- სკოლაში სწავლის სირთულეები;
- დასაქმების პრობლემები;
- დამოუკიდებლად ცხოვრების შეუძლებლობა;
- სოციალური იზოლაცია;
- სტრესი ოჯახში;
- ვიქტიმიზაცია და ბულინგი;
პრევენცია
აუტისტური სპექტრის აშლილობის თავიდან აცილების საშუალება არ არსებობს, მაგრამ არსებობს მკურნალობის ვარიანტები, რომელთა შორის ყველაზე ეფექტურია ადრეული დიაგნოსტიკა და დროული ჩარევა. მიუხედავად იმისა, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის სიპტომები ასაკის მატებასთან ერთად არ ქრება, შესაბამისი ჩარევების შედეგად, ამ აშლილობის მქონე ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი ქცევების წარმატებით მართვა.