„ნიუ ჰოსპიტალსში“ აორტის სარქვლის შეცვლის თანამედროვე პროცედურა წარმატებით ჩატარდა
„ნიუ ჰოსპიტალსში“ ტრანსკათეტერული აორტის სარქვლის იმპლანტაცია (TAVI) ახალი თაობის Flex Nav სისტემით ჩატარდა. პროცედურა წარმატებით ჩატარდა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინტერვენციული კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა მოსიაშვილის მიერ. პროცედურის დაწყებამდე კლინიკის პერსონალს სპეციალური ტრეინინგი ჩაუტარა ბეირუთის სამედიცინო ცენტრის ამერიკული უნივერსიტეტის, გულისა და სარქვლების სტრუქტურული პროგრამის ხელმძღვანელმა, ფადი სავაიამ.
ამ უახლესი პროცედურის საშუალებით შესაძლებელია კანქვეშა მიდგომით, სპეციალური კათეტერების გამოყენებით დაზიანებული აორტის სარქვლის შეცვლა ოპერაციისა და გულმკერდზე ყოველგვარი განაკვეთის გარეშე, რაც მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს კარდიოქირურგიაში და პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას ქმნის.
ტრანსკათეტერული აორტის სარქვლის იმპლანტაცია ტარდება იმ რისკის ჯგუფის პაციენტებში, რომელთათვისაც ქირურგიული ჩარევა უკუნაჩვენებია ან წარმოადგენს დიდ რისკს. პროცედურა უმეტესწილად უტარდებათ 70 წელზე მეტი ასაკის პაციენტებს. პროცედურის ჩატარების შემდეგ, პაციენტები სწრაფად და მარტივად გადიან რეაბილიტაციას და არ უჩივიან ყველა იმ გართულებას, რაც შესაძლოა ტრადიციული მეთოდით ქირურგიული ჩარევის შემდგომ განვითარდეს.
„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. კარდიოლოგიური დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური გუნდი უახლესი აპარატურის გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს გულის დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.