„ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსში“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი გაიხსნა და პაციენტებს სრული დატვირთვით ემსახურება. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი, რომელიც უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით, დაკომპლექტებულია საუკეთესო ჰემატოლოგებით და აქვს მხარდაჭერა ევროპის საუკეთესო კლინიკებიდან, რაც გულისხმობს ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას და მოწვეული სპეციალისტების ჩართულობას დარგის განვითარებაში. ცენტრს საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჰემატოლოგი - თამარ კვაჭაძე ხელმძღვანელობს. სისხლის ბანკის, ტრანსფუზიოლოგიისა და აფერეზის განყოფილებას ეკატერინე ხარებავა უძღვება.
სრული ჰემატოლოგიური მომსახურების ფარგლებში, ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრში, ფუნქციონირებს სისხლის ბანკი, სადაც ხდება სისხლის კომპონენტების დამზადება, ღეროვანი უჯრედების დამუშავება და უახლესი სისტემის კრიოსაცავში შენახვა შემდგომი გამოყენებისათვის. ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. კერძოდ, ცენტრში მოწყობილია იზოლირებული, ჰერმეტული, დამოუკიდებელი ვენტილაციის მქონე, ჰეპა-ფილტრებით აღჭურვილი სტერილური პალატები, სადაც უზრუნველყოფილია სტერილური ჰაერის წნევის კონტროლი და აღჭურვილია სტერილიზაციის ინდივიდუალური სისტემებით. პალატების სტერილობა ვალიდირებულია შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ევროპელი სპეციალისტების მიერ. ამასთანავე, ცენტრში გამოიყენება თანამედროვე გაიდლაინები და პროტოკოლები, რომელიც ემყარება დასავლურ გამოცდილებას და დადასტურებული ფაქტების მედიცინას.
ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობის ეფექტური მეთოდია, რომელიც დაზიანებული უჯრედების მოცილებას და მათი ახალი, ჯანმრთელი უჯრედული მასით ჩანაცვლებას გულისხმობს. ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრში, მკურნალობა შესაძლოა ჩაუტარდეთ ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებს, კერძოდ ვისაც აწუხებთ ანემიები, თრომბოციტოპენიური პურპურა, კოაგულოპათიები, თალასემიები, მედიკამენტოზური პანციტოპენია, მწვავე და ქრონიკული ლეიკემიები, ლიმფომები და სოლიდური სიმსივნეები; ასევე, პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია.
„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.