ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

15 აპრილი 2020

„ნიუ ჰოსპიტალსი“ 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს კარდიოლოგიური პაციენტების მიღებას

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიის, კარდიოქირურგიისა და არითმიების ცენტრი 24 საათის განმავლობაში აგრძელებს გადაუდებელი საჭიროების მქონე პაციენტების მიღებას. კლინიკა განახლებულ, ინფექციის განსაკუთრებული კონტროლის რეჟიმში ფუნქციონირებს და პაციენტებს უსაფრთხოდ, შეფერხების გარეშე მიეწოდებათ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება.

გულის დაავადებები მაღალი რისკის დაავადებებს მიეკუთვნება და ხშირ შემთხვევაში დაავადების პირველი ნიშნების აღმოჩენა, გართულებების ან გამწვავების ამოცნობა და დროული ჰოსპიტალიზაცია სიცოცხლის გადამრჩენი ქმედებაა.

გულის შეტევის ნიშნების პირველად აღმოცენება მყისიერ რეაგირებას მოითხოვს. დაუყოვნებლივ მიმართეთ კლინიკას თუ:

  • გაქვთ მოჭერითი ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში მოსვენებაში ან დატვირთვის ფონზე;
  • ტკივილი გადაეცემა ზემო კიდურებში, კისერში ან ქვედა ყბაში;
  • ტკივილს გულმკერდის არეში თან ერთვის სუნთქვის უკმარისობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ცივი ოფლიანობა, თავბრუსხვევა ან ძლიერი სისუსტე.

პაციენტებმა დადგენილი გულის დაავადებით, რომლებსაც გაუმწვავდათ სიმპტომატიკა ან აქვთ დამატებითი სიმპტომები ასევე დაუყონებლივ უნდა მიმართონ ექიმს თუ აღენიშნებათ: 

  • სტენოკარდიული შეტევების დროში გახანგრძლივება;
  • ჩვეულზე უფრო ნაკლები დატვირთვის ფონზე ან მოსვენებაში აღმოცენება;
  • შეტევის დროს ცივი ოფლის და თავბრუსხვევის დართვა;
  • სუნთქვის უკმარისობის გაჩენა ან გამწვავება;
  • გულის რითმის ნორმაზე მეტად აჩქარება ან შენელება და სხვ.

მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი ან დისკომფორტი არ იყო ძლიერი, მალევე შემსუბუქდა ან სრულიად გაიარა - ვინაიდან შესაძლოა ეს იყოს გულის დაავადების პირველი ნიშანი ან დაავადების მიმდინარეობის გამწვავების და სახიფათო გართულების გამოვლინება - ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში აუცილებელია კლინიკაში დაუყონებლივ მიმართვა, რათა მოხდეს შემდეგი დაავადებების გამორიცხვა და პრევენცია:

  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი
  • გულის შეგუბებითი უკმარისობის გამწვავება
  • სიცოცხლისათვის საშიში ტაქი და ბრადი არითმიები

„ნიუ ჰოსპიტალსში“ 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფილია გულის დაავადებათა დიაგნოსტირება და მკურნალობა ყველა საჭირო ულტრათანამედროვე აპარატურითა და სამედიცინო ჩარევით:

  • კორონაროგრაფია და კორონარული სტენტირება
  • კორონარული შუნტირება, ჩარევები აორტაზე და სარქვლოვანი პათოლოგიების დროს
  • ქვემო ღრუ ვენის ფილტრის იმპლანტაცია
  • გულის რითმის ელექტრული წამყვანების იმპლანტაცია და არითმიების აბლაცია

„ნიუ ჰოსპიტალსი“ მიმართავს პაციენტებს გადაუდებელი მდგომარეობებით გამოწვეული აუცილებლობის შემთხვევაში დროულად მიმართონ კლინიკას, რომლის პერსონალი 24 საათის განმავლობაში გაუწევს მათ სამედიცინო მომსახურებას.

როდის უნდა მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას?

დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ გაგივითარდათ უეცარი მწვავე ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ:

  • გაქვთ ძლიერი სიმძიმის, მოჭერის ან დისკომფორტის მსგავსი შეგრძნება;
  • ტკივილი დაიწყო უეცრად და გრძელდება 2-15 წუთის ან უფრო დიდი ხნის მანძილზე;
  • ტკივილი გადაეცემა სხეულის სხვა ნაწილებს, როგორიცაა ერთი ან ორივე მკლავი, კისერი ან ყბა;
  • გაქვთ სხვა სიმპტომებიც, როგორიც არის სუნთქვის უკმარისობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ცივი ოფლიანობა, თავბრუსხვევა ან ძლიერი სისუსტე;
  • გაქვთ გულის დაავადებების რისკი, მაგალითად, თუ ხართ მწეველი, ჭარბწონიანი ან გაწუხებთ მაღალი წნევა (ჰიპერტონია), დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი ან ოჯახის წევრების გულის დაავადებების ისტორია.

მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი ან დისკომფორტი არ იყო ძლიერი, მალევე შემსუბუქდა ან სრულიად გაიარა - ვინაიდან შესაძლოა ეს იყოს გულის სახიფათო დაავადების პირველი გამოვლინება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს - დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით ნომერზე 2 190 190.